ნავთობისა და გაზი კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის „ლეხურა-სვენეთის“ (700 მმ) 20,5 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს აცხადებს.
6 მლნ ლარიანი ტენდერში განაცხადების მიღება 18 მაისს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება. სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელმა სამუშაოს სრულად შესრულება ერთი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.
ამასთან, შესრულებულ სამუშაოებზე მიმწოდებელმა უნდა გაავრცელოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ ხუთწლიანი გარანტია, რომ მის მიერ შესრულებულ სამუშაოს არ ექნება დეფექტი ექსპლუატაციის ნორმების დაცვის პირობებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით განახორციელოს გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა.
სატენდერო პირობების თანახმად, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ფოლადის მაგისტრალური ნავთობსადენის/გაზსადენის მშენებლობის გამოცდილება. აღნიშნულის მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნას მინიმუმ ერთი პროექტი, რომელიც 2016 წლიდან დღემდე იქნება განხორციელებული.
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერში მის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასის არანაკლებ 30%-ის ოდენობით შესაბამისი საბრუნავი კაპიტალი (კომპანიას ანგარიშზე უნდა გააჩნდეს თანხა) ან მოქმედი საკრედიტო ხაზი. აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდენტი ვალდებულია შესაბამისი საბანკო დაწესებულებიდან წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს საბრუნავი კაპიტალის (კომპანიის ანგარიშზე არსებული თანხა) ან/და საკრედიტო ხაზის ხელმისაწვდომი თანხის ოდენობას.