მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპისთვის დაპირებული მოცულობის მისაწოდებლად SCP-ის გაფართოებაა საჭირო - გაზის კორპორაცია

64c23a3141d87
მარიამ ვარადაშვილი
27.07.23 13:25
701

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის განცხადებით, იმისთვის, რომ ევროპამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირი გაზრდილი მოცულობით მიიღოს, გაზსადენის გაფართოებაა საჭირო.

საუბარია ევროპისთვის აზერბაიჯანის მიერ დაპირებულ 20 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მიწოდებაზე.

“სამხრეთ კავკასიური გაზსადენის პოტენციური გამტარუნარიანობა 30 მლრდ კუბური მეტრია წელიწადში, რაც დაფიქსირებულია საერთაშორისო შეთანხმებების პაკეტში აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან და შაჰ-დენიზის საბადოს საერთაშორისო კონსორციუმთან. ამ ეტაპზე გაზსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 24 მლრდ კუბურ მეტრს აღწევს. სრული პოტენციური გამტარუნარიანობის მისაღწევად, რათა ევროპაში მიწოდებულ იქნეს 20 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზი 2027 წლის შემდეგ, საჭიროა დამატებითი გაფართოების სამუშაოების ჩატარება, ძირითადად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე”, - უთხრეს BMG-ის ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.

აზერბაიჯანმა ევროპისთვის გაზის გაზრდილი მოცულობით მიწოდებაზე გასული წლის ივნისში განაცხადა. იმ ფონზე, როცა ევროკავშირი ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიცირებას ცდილობს, აზერბაიჯანისა და სამხრეთის გაზის კორიდორის მნიშვნელობა იზრდება.

2022 წლის ივნისში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაზის იმპორტის საკითხზე ხელმოწერილ მემორანდუმი ევროკავშირისთვის წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. ამ მოცულობის გაზის მიწოდება აზერბაიჯანმა 2027 წლამდე უნდა უზრუნველყოს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანამ გაზსადენით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 2022 წელსაც გაზარდა. კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წელს აზერბაიჯანმა ჯამში 22 მილიარდ კუბურ მეტზე მეტი მოცულობის გაზი გაიტანა ექსპორტზე, რაც წლიურად 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მათივე სტატისტიკით, ევროპაში გაზის ექსპორტი 11.4 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდეს.

სამხრეთ-კავკასიური მაგისტრალური გაზსადენით (SCP), რომელიც ცნობილია როგორც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ხდება შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით. გაზსადენის სიგრძე 692 კმ-ია, საქართველოს მონაკვეთის სიგრძე კი - 249 კმ. რაც შეეხება გაზსადენის ევროპულ და თურქულ ნაწილებს, ისინი ცნობილია TAP [საბერძნეთი-ბულგარეთი-ალბანეთი-იტალია] და ტრანს-ანატოლიურ TANAP-ის სახელებით.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აზერბაიჯანული გაზის გატარების მონაცემებს მხოლოდ წლიურად აქვეყნებს. კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ 2022 წელს ქვეყანამ რეკორდული მოცულობის ბუნებრივი გაზის ტრანზიტი განახორციელა. კერძოდ, საქართველოში სამხრეთ-კავკასიური მაგისტრალური გაზსადენით 19.7 მილიარდ კუბურ მეტზე მეტი მოცულობის ბუნებრივი გაზის ტრანზიტი განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები