მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტი რეკორდული მოცულობის იყო

სოკარი

შარშან საქართველოზე რეკორდული მოცულობის გაზის ტრანზიტი განხორციელდა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, 2024 წელს სამხრეთ კავკასიურ გაზსადენში [SCP] თითქმის 23 მილიარდმა მ³ გაზმა გაიარა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2023 წელს გატარებულ გაზის მოცულობა დაახლოებით 21.4 მილიარდი მ³ იყო.

აზერბაიჯანი საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელია, რომელიც წინა წლებში ჯამური მოხმარების დაახლოებით 80%-ს აკმაყოფილებს. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის პარვიზ შაჰბაზოვის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში 2.4 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განხორციელდა. ეს 2023 წლის მაჩვენებელს 100 მლნ მ³-ით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოში აზერბაიჯანული გაზის იმპორტი მცირდება. საქსტატის ინფორმაციით, შარშან აზერბაიჯანს საქართველომ ბუნებრივ აირში 254 მლნ დოლარი გადაუხადა.

საქართველოზე გამავალი სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან გატარების სანაცვლოდ საქართველო აზერბაიჯანიდან ორი კონტრაქტით იაფად იღებს გაზს. მათგან უმთავრესი „ოფციური“ გაზია. მისი მოცულობა ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მიხედვით ითვლება.

ეს კონტრაქტი საშუალებას იძლევა, შეღავათიან ფასად გატარებული გაზის 5%-მდე იყიდოს ქვეყანამ. დამატებითი გაზის მოცულობა კი ფიქსირებულია, ეს ნიშნავს, რომ მილსადენში გატარებული გაზის მოცულობის მიუხედავად, საქართველო ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრი იღებს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, 2023 წელს ამ მილსადენში რეკორდული მოცულობის 21 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტმა გაზმა გაიარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები