ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი ამბობს, რომ ბუნებრივი აირის გათხევადების ტერმინალის არსებობის მიზანია გეოპოლიტიკური რისკების წარმოქმნის შემთხვევაში (მაგალითად, ავარიის ან დივერსიის შემთხვევაში, როგორიც რუსეთის მხრიდან იყო 2006 წელს), მიწოდების უსაფრთხოება და აგრეთვე ტერმინალის ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის გამოყენება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან პროექტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ორივე მიზნის მისაღწევად ტერმინალის წლიური გამტარუნარიანობა 1,000,000 ტონა LNG-ს და საცავის მოცულობა 100,000 ტონას უნდა აღემატებოდეს. მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურის მშენებლობას საუკეთესო შემთხვევაში მინიმუმ $800 მილიონის ინვესტიცია დასჭირდება.
საქართველოში, ყულევში, LNG ტერმინალის მშენებლობაზე საუბარი რამდენიმე წელია მიდის. ამ პროექტით ჩაანაცვლა სახელმწიფომ გაზსაცავის მშენებლობა, რომელიც წლების წინ სამგორში იგეგმებოდა და რომლის ძირითადი მიზანი კრიტიკული სიტუაციის (მაგალითად, ავარიის ან დივერსიის შემთხვევაში როგორიც იყო 2006 წელს) დროს მოსახლეობის, საწარმოების და თბოელექტროსადგურების ბუნებრივი აირით მომარაგების უწყვეტობა იყო. თუმცა შესაძლებელია, აგრეთვე გაზსაცავიდან ბუნებრივი აირით ვაჭრობაც.
რას შეეხება LNG-ის სატრანზიტო ფუნქციას, ენერგეტიკოსის თქმით, აქ არის დაინტერესებული აზერბაიჯანი. მისივე განმარტებით, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რუმინულ "რომპეტროლთან" ერთად აზერბაიჯანულმა SOCAR-მა რუმინეთის ქალაქ კონსტანტას პორტში LNG ტერმინალის მშენებლობის შესახებ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყო, რომელიც ორი თვის წინ დასრულდა. ამ მარშრუტის საშუალებით ევროპელი მომხმარებლისთვის რუსული გაზის ჩანაცვლება შესაძლებელი ხდება.
"ვფიქრობ, რომ წლიურად მინიმუმ 1 მილიონი ტონა გათხევადებული აირის გადატანის შესაძლებლობა უნდა იყოს. ეს არის ყველაზე მინიმუმი. ამის ასაშენებლად 800 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე იქნება საჭირო, ეს ყველაზე მინიმალური ხარჯია, რაც შეიძლება გაიზარდოს. ამას გარდა, იმისთვის, რომ მაღალი მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდება მოხდეს აზერბაიჯანიდან საქართველოში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა საჭირო. მილსადენის სისტემის გაუმჯობესება უნდა მოხდეს, ასევე საკომპრესორო სადგურებიც დასამატებელი იქნება. არსებული სისტემით ამ მოცემულობებს ვერ გავუმკლავდებით, LNG ტერმინალამდე უნდა მივიდეს გაზი და იქიდანაც უნდა დაბრუნდეს. შესაბამისად, ინვესტიციის მოცულობა შეიძლება 1.5 მლრდ დოლარამდეც კი ავიდეს. ეს კი ძალიან დიდი თანხაა. აშენებაც შეიძლება ძალიან სწრაფად (მაგალითად გერმანიის LNG ტერმინალები), თუმცა თუ გავითვალისწინებთ მშენებლობის ტემპების პრაქტიკას, ასეთი ტიპის ტერმინალის მშენებლობას მინიმუმ 2 წელი მაინც დასჭირდება”, - ამბობს არჩილ მამათელაშვილი.
ენერგეტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მოწყობის შემთხვევაში, რადგან პორტი შეძლებს LNG ტანკერების მიღებას.
არჩილ მამათელაშვილი საუბრობს გეოპოლიტიკურ რისკებზეც, რომელიც შეიძლება ქვეყანაში LNG ტერმინალის მშენებლობას ჰქონდეს. მისი თქმით, რისკები არსებობს როგორც ბუნებრივი აირის მოწოდების უსაფრთხოების თვალსაზრისით ისე ვაჭრობის კუთხითაც. უფრო კონკრეტულად მამათელაშვილი ყურადღებას ამახვილებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციურ ინვესტორზე, რომელიც ჩინური კონსორციუმია. მისი თქმით, ეს კომპანია მეგობრულად არ არის განწყობილი ამერიკისა და ევროპის მიმართ, არადა საქართველოში ასეთი პროექტები მიბმულია ევროპაზე, რადგან ბუნებრივი აირის ექსპორტი სწორედ აქ უნდა მოხდეს.
“რეალურად, ეს ყველა პროექტი, მით უმეტეს ენერგეტიკაში, გეოპოლიტიკაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი აირის ტერმინალი იქნება ჩინური სახელმწიფო კომპანიის მართვაში, რომელიც როგორც ცნობილია რუსეთის პარტნიორი ქვეყანაა, რა რისკები გაჩნდება ეს არის საკითხავი. ყველაზე დიდი რისკი საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების უსაფრთხოებაა. საქართველოს რომ შეექმნას რისკი ბუნებრივი აირის მოწოდების გეოპოლიტიკურად არის რუსეთი (აზერბაიჯანი სტაბილური პარტნიორია). რუსეთი ამჟამად გვაწვდის დაახლოებით 21.5% ბუნებრივ აირს, ბოლო წლებში გაიზარდა მიწოდება რუსეთიდან. ჩინური კომპანია რამდენად დაგვეხმარება რუსეთის მხრიდან მომავალი რისკების შემცირებაში, ამის პროგნოზირება ძნელია.
რაც შეეხება მეორე მიზანს, LNG ტერმინალის პროექტის განხორციელება, ამ შემთხვევაში ეს არის აზერბაიჯანის მხრიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების მეორე გზა. შეიძლება ამ ფუნქციასაც გარკვეული რისკი შეექმნას, არ ვამბობ პირდაპირ რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება, თუმცა იმ შემთხვევაში როცა ჩინურ კომპანიაზეა საუბარი, რომელსაც არ აქვს კარგი ურთიერთობა ევროპასთან და ამერიკასთან, როგორც ვიცი, გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული, ეს რისკი არსებობს. რა თქმა უნდა, როგორც სავაჭრო ისე უსაფრთხოების რისკები ბევრად უფრო დაბალი იქნებოდა თუ ეს იქნებოდა ევროპასთან მეგობრულად განწყობილი კომპანია იქნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი პროექტების წარმატება საქართველოში მიბმულია ევროპასთან ჩვენს ურთიერთობაზე", - ამბობს არჩილ მამათელაშვილი.