მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხობის საკრებულომ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის გეგმა დაამტკიცა - მაკა ასათიანის კომპანიის გეგმები

 ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ წინადადება დააკმაყოფილა და ყულევში, 599970 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გეგმა დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება 31 ივლისით თარიღდება.

აღსანიშნავია, რომ ყულევის თიზ-ში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ კი პროექტის რიგით მესამე ინვესტორია, რომელმაც ადგილზე 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, იმ დოკუმენტაციის და კვლევების მიხედვით, რომელიც დადგენილებას ახლავს თან, 599970 კვადრატული მეტრი შპს „ბლექ სი პეტროლიუმ“-ის საკუთრებაა და ამ ტერიტორიაზე წარსულში გაცემულია დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ანალოგიური ტიპის საქმიანობაზე. ქარხნის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების საერთო ხანგრძლივობა 3-4 წელია. მშენებლობის ეტაპზე კი დაახლოებით 300 ადამიანი დასაქმდება.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში შპს „ბლექ სი პეტროლიუმ“-ს დაგეგმილი საქმიანობები ითვალისწინებს ქარხნის ტერიტორიაზე ნედლი ნავთობის სარკინიგზო ხაზით შემოტანას, დასაწყობებას და გადამუშავებას. პროექტით გათვალისწინებული ნედლი ნავთობის გადამუშავება ქარხნის წარმადობა პირველ ეტაპზე შეადგენს 1121 ათას ტონას წელიწადში, რისთვისაც მოეწყობა 89000 კუბურ მეტრიანი სარეზერვუარო პარკი. მომავალში კომპანიას დაგეგმილი აქვს სარეზერვუარო პარკის და გადამმუშავებელი ქარხნის წარმადობის ზრდა, რაც შეადგენს 2 921 000 ტონას, ხოლო სარეზერვუარო პარკების მთლიანი მოცულობა გაიზრდება და იქნება 440200 კუბური მეტრი ნედლი ნავთობი.

ყულევის ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაყოფილია 6 ფაზად. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და გაეშვება ექსპლუატაციაში. პირველ ფაზაზე დაწყებული რამდენიმე ობიექტის მშენებლობა გაგრძელდება რამდენიმე ეტაპის განმავლობაში. შემდეგ ფაზებზე ეტაპობრივად დაემატება რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები.

„პროექტის მიზანია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ქარხნის აშენება სრული ინფრასტრუქტურით, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. საქართველოში წარმოებული ნავთობპროდუქტების რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე უფრო დაბალ ფასებში მოხდება ვიდრე იმპორტირებული პროდუქტის“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

ბიზნესრეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია შპს “ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიის გენერალური დირექტორი ვახტანგ ჩახნაშვილია, ხოლო დირექტორი - მიხეილ ჭკუასელი. შპს “ბლექ სი პეტროლიუმ"-ში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს. უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი მაკა ასათიანია, 10%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის, 20% კი შპს "თრეიდ სთოუნ იბერია"-ს.

შეგახსენებთ, ყულევის თიზ-ში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების დროს, Socar-თან გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება, თუმცა აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა. ამის შემდეგ პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია “ფაზის ოილზე” გადავიდა, რომელმაც ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც მთავრობამ ინვესტორი ჩაანაცვლა და 2023 წელს პროექტი შპს “ბლექ სი პეტროლიუმს” გადააბარა. აღსანიშნავია, რომ "ფაზის ოილი", რომელმაც ყულევში ნავთობგადამმუშავებელი საწარმო 7 წელი ვერ ააშენა, სახელმწიფომ დააჯარიმა, თუმცა მოგვიანებით, 20 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა ჩამოაწერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები