„ეს არ იყო დიდი დარტყმა, ევროპა რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტას მზად დახვდა“ - ამის შესახებ „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ენერგეტიკოსმა არჩილ მამათელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპისთვის რუსული გაზის ალტერნატივა გათხევადებული ბუნებრივი არია, რომელსაც ის ძირითადად აშშ-დან და ნორვეგიიდან იღებს, ასევე ევროპის სახელმწიფოებს გაზის საკმარისი მარაგები გააჩნიათ, რის გამოც რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტა მათზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.
ენერგეტიკოსის შეფასებით, 5 მილიარდი დოლარია ზარალი, რასაც რუსეთი ევროპის ბაზრის დაკარგვით მიიღებს, თუმცა გაცილებით დიდი ზარალი ნახა რუსულმა ენერგოგიგანტმა გაზზპრომმა 2022 წელს, როცა ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსული ბუნებრივი გაზის ჩანაცვლება დაიწყეს.
“ამისთვის ევროპა მზად იყო. არის რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც ევროპაზე ეს დიდ გავლენას ვერ იქონიებს. პირველ რიგში, მასშტაბი არ იყო დიდი და ამისათვის ევროპაში იცით, რომ ბუნებრივი აირის იმპორტიორები ძირითადად LNG-ით ( გათხევადებული ბუნებრივი აირით) ხდებოდა ჩანაცვლება და ეს იყო ნორვეგია, რომელზედაც 30% მოდის, აშშ და თქვენ წარმოიდგინეთ რუსეთი. მიუხედავად იმისა, რომ მილსადენით გაზის მიწოდება შეწყვეტილია, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ესპანეთი, ყიდულობენ LNG-ს.
ევროპამ 2022 წლის ბოლომდე გადაწყვიტა ძალიან ბევრი პრობლემა, ბუნებრივია გაზის მარაგებთან დაკავშირებით. ევროპაში დღეს ბუნებრივი გაზის მარაგები საკმაოდ დიდია, უკრაინის გაზზსაცავიც კი რეკორდულად მაღალი მოცულობაა”,-აცხადებს არჩილ მამათელაშვილი.
რუსეთმა ევროპისთვის გაზის მიწოდება იანვრიდან მას შემდეგ შეწყვიტა, რაც კიევმა უარი განაცხადა განეახლებინა გაზპრომთან სატრანზიტო კონტრაქტი, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე გაფორმდა. რუსეთისთვის კიევის უარმა ყველაზე მეტი გამოწვევა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის შექმნა, განსაკუთრებით რთულ ვითარებაში არაღიარებულ დნესტრისპირეთია, რომელიც გაზს ასევე უკრაინის გავლით იღებდა.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდების შეწყვეტა პუტინის დიდ მარცხად შეაფასა. მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ ევროპისთვის გათხევადებული გაზის [LNG] მიწოდებას გაზრდის. თავის მხრივ ევროპაში რუსული გაზის გაყიდვები შემცირდა, 2023 წელს რუსული ენერგოგიგანტი ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად იყო ზარალზე და დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი იზარალა.