მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგია, წყალი, გაზი - რა დარღვევებია სექტორებში?

ენერგოომბუდსმენი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, სალომე ვარდიაშვილი პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის ანგარიშს წარადგენს. სხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებთან ერთად სალომე ვარდიაშვილმა ისაუბრა, ზოგად ვითარებასა და პრობლემებზე, რაც არსებულ ოპერატორ კომპანიებს აქვს.

„რაც შეეხება სისტემაში დარგების მიხედვით არსებულ დარღვევებს, აქ პირველ ადგილს ელექტროენერგეტიკული სექტორი იკავებს, მეორე ადგილს წყალი, ხოლო მესამეს გაზი და ეს ბუნებრივია.

ყოველთვის ელექტროენერგეტიკის სექტორი იყო ხოლმე ლიდერი პრობლემების თვალსაზრისით და როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების მასშტაბით გვაქვს ხოლმე პრობლემები. პირველ რიგში პრობლემაა ინფრასტრუქტურის საკითხში, თავისთავად ელექტროენერგეტიკის სექტორი ამ მხრივ არის მოწინავე. აქ გვაქვს რეგიონებში აღრიცხვიანობის პრობლემა, მრიცხველები ხშირად გამოდის მწყობრიდან კლიმატური პირობების გამო და ა.შ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველი შემთხვევა გადამოწმებული იყოს დოკუმენტურად.

წყალმომარაგების სექტორში შეუძლებელია არ გავიხსენოთ რუსთავის თემა. 2002 წელს გაითიშა ათასობით აბონენტი, მაშინ ვერ ვპოულობდით გამოსავალს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით და გამოსავლად მოვძებნეთ ის, რომ ყოველდღიურად ჩავდიოდით რუსთავში და ვამონიტორინგებდით იმ სამუშაოებს, რომელიც კომპანიებს დაევალა სემეკის საჯარო სხდომაზე და ამაზე სერიოზულ მონიტორინგს ვახორციელებდით მუნიციპალიტეტთან ერთად. რადგან მუნიციპალიტეტი და მერია ვახსენეთ, უნდა აღინიშნოს მუნიციპალური წყლები არის პრობლემური საკითხი ჩვენთვის, რადგან ბევრ რეგიონში თავად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ლიცენზია არ აქვს და მუნიციპალიტეტებს თვითონ უწევთ წყალმომარაგების გამართულობაზე და მიწოდებაზე ფიქრი. ეს სერიოზული პრობლემაა და იქ ჩვენი მომხმარებელი დაცულიც არ გვყავს ჩვენი მხრიდან, რადგან ჩვენი იურისდიქციის ქვეშ არ გვყავს ისეთი ობიექტები, სადაც ლიცენზია არ აქვს კომპანიას.

რაც შეეხება გაზს, 2019 წელი ჩვენ შევაფასეთ როგორც კატასტროფების წელი. დიდ დიღომში სახლში მოხდა აფეთქება და ამას მოყვა აფეთქებების სერია. მაშინ მე დავაყენე საკითხი, რომ ეს იყო ძალიან დიდი ბომბი და 2019 წლიდან დღემდე ჩვენ ვმუშაობთ, გვაქვს კარდაკარის პრინციპით ჩატარებული კამპანია - გაუფრთხილდი სიცოცხლეს, სადაც მოქალაქეებს ვუკაკუნებდით სახლებში და განვუმარტავდით როგორ უნდა მოიქცნენ გაზთან მიმართებით. ამან ძალიან დიდი შედეგი გამოიღო. მოქალაქეები ითხოვდნენ ძველი დანადგარების ამოღებას და 2022 წლისთვის სტატისტიკა მაინც სავალალოა, 76 ფაქტი გვქონდა ბუნებრივ აირთან დაკავშირებული. ეს რიცხვი მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, რისთვისაც ალბათ საჭიროა ისეთივე კამპანია ჩატარდეს რეგიონებში, როგორც ეს მოხდა თბილისში“, - თქვა ვარდიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები