„LNG ტერმინალი, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორობით შეიქმნას, კარგი იქნება“ - ამის შესახებ "საქმის კურსის" ეთერში ენერგეტიკოსმა, არჩილ მამათელაშვილმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, გაზსაცავის პროექტისთვის შერჩეული ადგილი სამგორში მშენებლობისთვის შესაფერისი არ არის, რადგან სეისმურად აქტიური ზონაა. აღნიშნული ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ გააჟღერა. მისივე თქმით, გაზსაცავის ახალ პროექტზე ხედვას USAID მოამზადებს. როგორც პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მიქაუტაძემ თქვა, საკუთარი შეფასების მომზადება აშშ-ის სახელმწიფო სააგენტოს საქართველოს მთავრობამ სთხოვა.
არჩილ მამათელაშვილს ასევე ვკითხეთ, რა ალტერნატივა აქვს საქართველოს და სად შეიძლება აშენდეს გაზსაცავი ან LNG ტერმინალი, რაზეც სახელმწიფო საუბრობს. მისი თქმით, გაზსაცავი ან/და LNG ტერმინალი, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურაა, თუმცა მისი შექმნა საკმაოდ ძვირია, საუბარია 1.5-2 მილიარდ დოლარზე.
მამათელაშვილის თქმითვე, LNG ტერმინალის ასამუშავებლად ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროებაც დგას, შესაბამისად თუ მისი აშენება ანაკლიის პროექტის განვითარების პარალელურად მოხდება, მსგავსი ინფრასტუქტურა 7-8 წელიწადში გვექნება, რაც დამატებით დაკარგულ დროს ნიშნავს.
ენერგეტიკოსს ასევე ვკითხეთ, რა მოდელით უნდა აშენდეს გაზსაცავი და ვინ უნდა განახორციელოს ინვესტიცია „ჩემი სუბიექტური მიდგომაა, რომ სახელმწიფოს რაც შეიძლება ნაკლები შეხება ჰქონდეს ასეთ პროექტებთან, თუმცა თუ აზერბაიჯანის ჩართულობაზე და მაგალითზე ვისაუბრებთ, სადაც ყველა ასეთი პროექტი სახელმწიფოს ჩართულობით ხორციელდება, შესაძლებელია რომ საქართველოს მთავრობამაც აღნიშნული ინვესტიციის განხორციელების მიზანშეწონილობაზე იფიქროს“, - განაცხადა მამათელაშვილმა.
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [KFW] სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ტერიტორიაზე გაზსაცავის მშენებლობისთვის 150 მილიონი ევრო გამოყო, საიდანაც გასულ წელს 120 მილიონი მთავრობამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დახარჯა. პროექტის თავდაპირველი ვერსიით გაზსაცავში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.