მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი ეკონომიკური თავისუფლების კანონში ენერგოდამოუკიდებლობის მუხლის ჩამატებას განიხილავს

ჰესი ჰიდროელექტროსადგური ენერგეტიკა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ინიციატივა კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილს ეკუთვნის და ის პარლამენტს 2023 წლის დეკემბერში წარედგინა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანულ კანონში გაჩნდება ახალი თავი, რომელიც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მიზნებს განსაზღვრავს. ცვლილებების შედეგად, ქვეყანაში განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა მთლიანად ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლებს უნდა აჭარბებდეს. ცვლილების ამოქმედების თარიღად 2030 წლის 31 დეკემბერი არის განსაზღვრული, შესაბამისად, სახელმწიფოს ექნება შვიდწლიანი ვადა იმისთვის, რათა ახალი გენერაციის ობიექტები აშენდეს.

"განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის წლიური წარმოება რაოდენობრივად უნდა აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას", - ნათქვამია კანონპროექტში.

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს თან ახლავს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შესახებ კონცეფციაც, რომლის მიზნები ასე ნაწილდება:

ა) 2026 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - ელექტროენერგიის წლიური წარმოების წილი, ადგილობრივად მოხმარებულ ელექტროენერგიასთან თანაფარდობით, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 90%-ს;

ბ) 2030 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - ელექტროენერგიის წლიური წარმოება რაოდენობრივად უნდა გაუტოლდეს ან აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას.

ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობის მიზნებისთვის:

ა) 2026 წლის 31 დეკემბრისთვის - განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების გამომუშავება შეადგენს არანაკლებ 75% ადგილობრივად მოხმარებულ ელექტროენერგიასთან თანაფარდობით;

ბ) 2030 წლის 31 დეკემბრისთვის - განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების გამომუშავება უნდა გაუტოლდეს ან აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას.

ქვეყნის სავაჭრო და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნებისთვის:

ა) 2030 წლის 31 დეკემბრისთვის - ევროკავშირის ქვეყნებთან ელექტროენერგიის მიმოცვლის მიზნით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელექტროსისტემებთან ელექტროენერგიის მიმოცვლის შესაძლებლობის ნომინალურმა სიმძლავრემ უნდა შეადგინოს არანაკლებ 10% ქვეყანაში ამ პერიოდში მოქმედი ელექტროსადგურების დადგმულ სიმძლავრესთან თანაფარდობით,”- ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები