22.ნოემბერი .2019 21:16

გორში შადრევანმა, რომლის რეაბილიტაციისთვის 55.7 ათასი ლარი დაიხარჯა, მხოლოდ 4 თვე იმუშავა

views 666
უკან

გორში შადრევნის რეაბილიტაციისთვის 55.7 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა, რეაბილიტირებულმა პროექტმა იფუნქციონირა მხოლოდ 4 თვე. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში წერია.

კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს გორის მუნიციპალიტეტმა შეისყიდა კასკადური შადრევნის რეაბილიტაციის სამუშაოები ღირებულებით 55.7 ათასი ლარი. საკითხის შესწავლის შემდეგ გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტმა არასათანადოდ დაგეგმა რეაბილიტაციის სამუშაოები, ხოლო შემდეგ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლო რეაგირება არსებულ პრობლემებზე, შედეგად რეაბილიტირებულმა პროექტმა 2017-2019 წლებში იფუნქციონირა მხოლოდ 4 თვე.

„შადრევნის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 2017 წელს და ამისთვის ბიუჯეტში გაითვალისწინა 106.0 ათასი ლარი. შესყიდვის გამოცხადებამდე შადრევნის მდგომარეობის შესწავლა და დეფექტური აქტის მომზადება დაევალა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურს. მომზადებული დეფექტური აქტის საფუძველზე 2017 წლის აპრილში გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი სავარაუდო ღირებულებით 63.3 ათასი ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა შპს ალონისთან. სამუშაოები დასრულდა 2017 წლის სექტემბერში. მიუხედავად რეაბილიტაციის ჩატარებისა, ვერ მოხერხდა შადრევნის ამუშავება. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, დაზიანებული აღმოჩნდა წყლის სისტემის მილები, რომელთა შეცვლაც ხარჯთაღრიცხვაში არ იყო გათვალისწინებული“, - წერია აუდიტის ანგარიშში.

ამრიგად, მუნიციპალიტეტმა ვერ გამოავლინა შადრევნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა და მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტით გამოყოფილი დაფინანსება ამის საშუალებას იძლეოდა, სრულად ვერ აღადგინა შადრევანი.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული მიუთითებს, ინფრასტრუქტურული პროექტის რეაბილიტაციის ხარვეზებით დაგეგმვაზე.

ამის შემდეგ, მუნიციპალიტეტმა შადრევანზე დამატებით გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, რეაგირება განახორციელა შადრევნის რეაბილიტაციიდან 9 თვის შემდეგ. შესაბამისი სამუშაოების შესრულება დაევალა ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს“. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად შადრევანი ამუშავდა 2018 წლის ივნისის ბოლოს და იმუშავა 2018 წლის ნოემბრამდე. 2019 წლის თებერვალში აუდიტის ჯგუფმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა ობიექტი. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ შადრევანი არ ფუნქციონირებდა.

"პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო დაზიანდა ელექტროგაყვანილობა, ამიტომ არ ირთვებოდა შადრევანი და მისი განათება. აუდიტის მსვლელობისას, ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოსგან“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის მაისში დაზიანებები გამოსწორდა", - წერია აუდიტის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა