მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GPI ჰოლდინგი: „კარგი იქნება თუ 2019 წლის მაჩვენებელს მომავალ წელს დავეწევით“

61aa49ff6a13a
თათია ჩაფიჩაძე
03.12.21 23:05
642
2021 წლის 9 თვის მონაცემებით, კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 17% სარგებლობს, დაზღვეული ავტომობილების საერთო რაოდენობა კი მხოლოდ 7%-ს შეადგენს. 2021 წლის 9 თვეში სულ 640,695 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ხოლო ავტოდაზღვევის კუთხით 102,594 პოლისი იყო გაყიდული.

2021 წლის 9 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიის საერთო მაჩვენებლებს, ბაზარზე 112.87 მლნ. ლარით „ჯიპიაი“ ლიდერობს, მას 96.78 მლნ-ით „ალდაგი“, 83,19 მლნ-ით კი თიბისი მოსდევს. ხუთეულშია „იმედი L“ (61.54 მლნ ლარი) და „არდი“ (53.12 მლნ ლარი).

ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიის სათავეში 70.24 მილიონი ლარით „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ლიდერობს და ბაზრის 29% უჭირავს, შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია „იმედი L” - 51.89 მილიონი ლარით, მესამე ადგილს კი 37.66 მილიონი ლარით სადაზღვევო კომპანია „არდი“ იკავებს.
GPI ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი BMG-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გაზრდილი ზარალიანობის მიზეზი კოვიდის გამო დაგროვილი მოთხოვნაა.

„ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მოგების შემცირების მიზეზი არის სამედიცინო მომსახურების მიღების უპრეცედენტოდ მაღალი სიხშირე მას შემდეგ, რაც მოიხსნა ლოქდაუნი. ეს განპირობებულია იმით რომ შეზღუდვების დროს ადამიანები ერიდებოდნენ კლინიკებში მისვლას და დაგროვილი მოთხოვნილების რეალიზება მოხდა.

მომხმარებლის ქცევაც შეცვლილია, გაცილებით მაღალია მოთხოვნა ჯანმრთელობის სერვისებზე, მაგალითად, ოჯახის ექიმების მომსახურებაზე. ამ გაზრდილმა ხარჯებმა მოგების შემცირება განაპირობა. მომავალში მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ ეს ყველაფერი დაბალანსდეს და ძალიან არ იმოქმედოს მოგების მაჩვენებელზე. ასევე საინტერესოა რომ სიცოცხლის დაზღვევის პორტფელშიც კოვიდის მიერ გაზრდილი სიკვდილიანობის გამო გაზრდილია ზარალიანობის მაჩვენებელიც.

ბაზრის განვითარების დინამიკის ზრდა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს და ესეც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ მოზიდული პრემიის მოცულობა არ არის დამაკმაყოფილებელი. კარგი იქნება თუ 2019 წლის მაჩვენებელს მომავალ წელს დავეწევით, ესეც ჩაითვლება კარგ მაჩვენებლად", - აცხადებს თინა სტამბოლიშვილი.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის პირველ 9 თვეში ყველაზე დიდი მოცულობით ზარალი კომპანია „ჯიპიაიმ“ (69.94 მლნ ლარი) აანაზღაურა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობით მეორე ადგილზეა „ალდაგი“ (41.20 მლნ ლარი) მესამეზე კი „იმედი L“ (36.53 მლნ ლარი). მეოთხე ადგილს „თიბისი“ (36.01 მლნ ლარი), მეხუთეს კი „ირაო“ (32.72 მლნ ლარი) იკავებს.