მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია ის, რაც ახლა ხდება - აგენტებს ვეძებთ დასავლეთში - სტამბოლიშვილი

640888a1d374d
თელარა გელანტია
09.03.23 22:20
825
„არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია ის, რაც ახლა ხდება - აგენტებს ვეძებთ არა - რუსეთში, მტერ სახელმწიფოში, არამედ - მეგობრებსა და დასავლეთში“, - ასე აფასებს GIPA-ს ასოცირებული პროფესორი, მოქალაქე თინა სტამბოლიშვილი აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ყველა ხელისუფლების პირობებში ვნახეთ კარგიც და ცუდიც. თითქმის ყველა ხელისუფლება ეძებდა რუსეთის აგენტებს ქვეყანაში - გვახსოვს, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდი... შემდეგ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში, მაშინდელი შს მინისტრის კახა თარგამაძის მოგონილია ტერმინი „გრანტიჭამია“, რადგან ძალიან აღიზიანებდათ არასამთავრობო სექტორი; შემდეგ იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა და მაშინაც რუსეთის აგენტების ძიება, თუმცა არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია ის, რაც ახლა ხდება - აგენტებს ვეძებთ არა - რუსეთში, მტერ სახელმწიფოში, არამედ ვეძებთ მეგობრებში, დასავლეთში და გვინდა, გადავწეროთ ისტორია - თეთრზე ვთქვათ, რომ არის შავი და განვაცხადოთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, რომლის მხარდამჭერიც არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები - აშშ, ევროპის ქვეყნები - გამოვიყვანოთ ისე, რომ თითქოს მხარს უჭერენ ძირგამომთხრელ საქმიანობას. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია“, - განაცხადა თინა სტამბოლიშვილმა და დასძინა, რომ „ეს ყველოაფერი არის დაგვირგვინება იმ პროცესის, რასაც თვალს ვადევნებთ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ - დასავლეთის, როგორც ომის გამჩაღებლის გამოცხადება“.

თინა სტამბოლიშვის თქმით, მიმდინარე პროცესების ანალიზისას საზოგადოება უნდა დაფიქრდეს სიტუაციაზე, როცა მხოლოდ რუსეთი გვაქებს, ხოლოს სტრატეგიული პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ არ მივიღოთ აგენტების შესახებ კანონები.

„პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ tv-ეთერში თქვა, რომ ეს კანონი ძალიან კარგია, რადგან ხელს შეუწყობს დეპოლარიზებასო და სრული სიმართლე თქვა. სტალინის ფორმულის არ იყოს - „ნეტ ჩელავეკა, ნეტ პრაბლემა“. არ მოსწონთ განსხვავებული აზრი, არ მოსწონთ ოპოზიცია და ამ კანონის მიღებით, ეს უბრალოდ, გაქრება და არ იქნება არავითარი პოლარიზაცია“, - აღნიშნა თინა სტამბოლიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები