მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გროს ენერჯი ჯგუფი“ 1 მლრდ დოლარის მოცულობის ენერგოპროექტებზე მუშაობს

6436e0b47da1f
თელარა გელანტია
12.04.23 22:00
1411
„გროს ენერჯი ჯგუფი“ 1 მლრდ დოლარის მოცულობის ენერგოპროექტებზე მუშაობს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი ტყებუჩავამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად, 50-მდე კლიენტი ჰყავთ და მიმდინარე ენერგოპროექტების ჯამური სიმძლავრე - 500 მეგავატი, ხოლო საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 1 მლრდ დოლარია.

საქმე ის არის, რომ „გროს ენერჯი ჯგუფი“ ბაზარზე 2007 წლიდანაა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურება, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი პროექტის და მათ შორის ენერგეტიკული პროექტების - როგორც ჰიდრო, ისე ქარის და მზის პროექტების დამუშავებას საწყისი ეტაპიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე; მომსახურება ითვალისწინებს როგორც ტექნიკურ, ასევე იურიდიულ მხარეს, რაც გულისხმობს ნებართვების და ლიცენზირების ეტაპებზე სრულ სერვისს.

ირაკლი ტყებუჩავას თქმით, განახლებადი ენერგიების მხარდამჭერი ახალი CFD მექანიზმის ამოქმედების შემდეგ ინვესტორების მომართვიანობა გაიზარდა როგორც ჰიდრო, ისე ქარის და მზის პროექტების დამუშავებაზე.

„ძალიან გაიზარდა მომართვა ახალი პროექტების იდენტიფიცირების მიმართულებითაც. ბოლო სამი თვის განმავლობაში 30-მდე პროექტის იდენტიფიცირება განვახორციელეთ“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება გამოწვევებს, „გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ მთავარ გამოწვევად ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია რჩება და ამ ნაწილში სახელმწიფოს როლიც მნიშვნელოვანია.

„ენერგეტიკის სექტორში ე.წ. უძრაობის პერიოდის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ ის ინვესტორებიც, ვისაც პრობლემები ჰქონდათ და აქტიურ რეჟიმში ცდილობენ პრობლემების მოგვარებას, რაც ძირითადად, ადგილობრივებთან კომუნიკაციას ეხება. ფაქტობრივად, ყველა გაჩერებული ენერგოპროექტის ძირითადი გამოწვევა სწორედ ეს არის“, - აღნიშნა მან.

ირაკლი ტყებუჩავა მიიჩნევს, რომ „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ენერგოობიექტების გადახდილი ქონების გადასახადის თემსა და მუნიციპალიტეტში დარჩენას ითვალისწინებს, დიდი ალბათობით, ადგილობრივებთან კომუნიკაციას გაამარტივებს.

„ადამიანები თავად დაინახავენ და იგრძნობენ იმ სიკეთეებს, რასაც ენერგოობიექტის აშენება მათ მოუტანს“, - თქვა ირაკლი ტყებუჩავამ.