მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გულდასაწყვეტია, რომ ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ქვეყნის დასჯა“ - კალაძე კანდიდატის სტატუსზე

62b2c76e93d87
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.22 11:56
743
თბილისის მერი კახა კალაძე ევროკომისიის მიერ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსზე გაცემული რეკომენდაციის შესახებ თავის პოზიციას აფიქსირებს და აცხადებს, რომ „გულდასაწყვეტია, რომ ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ქვეყნის დასჯა“. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თავად სხვაგვარ გადაწყვეტილებას ელოდა, თუმცა რეკომენდაცია სხვაგვარი აღმოჩნდა. თბილსის მერმა ისიც აღნიშნა, რომ გეოგრაფიული ფაქტორით ამ რეკომენდაციის ახსნა მართებული არ არის, რადგან საქართველო ევროინტეგრაციის გზას ათწლეულებია ადგას.

„პირადად მე ველოდი იმას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, თუმცა სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ამას თავის ახსნა აქვს და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, თუ რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, არაფერი დასამალი აქ არ არის. მაშინ როდესაც საუბარი იყო 3 ქვეყანაზე - საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, სამივე ქვეყანას ერთნაირი დათქმები აქვთ, რაზეც უნდა იმუშაონ და გამოასწორონ და მხოლოდ ორ ქვეყანას მიანიჭეს სტატუსი და საქართველო სტატუსის გარეშე დატოვეს.

უნდა გავაგრძელოთ მუშაობა წინასწარი დათქმების შესასრულებლად. ეს ჩვენ ასოცირების შეთანხმებასთან მიმართებით გავაკეთეთ, იგივე ვიზალიბერალიზაცია, ყველაფერის ბოლომდე მივიყვანთ და დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში მივიღებთ სტატუსს. გულდასაწყვეტია, როდესაც ვისმენთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო არ არის საინტერესო ადგილზე, 30 წელია ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, ეს საერთოდ საოცრებაა და არ ვიცი ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. თუმცა არავითარ შემთხვევაში ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპის და ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი. ჩვენ დღესაც, გუშინაც და გუშინწინაც ამ მიმართულებით მივდიოდით.

არ დავუშვებთ ბნელი, დესტრუქციული ძალების მიერ დასახული გეგმის რეალიზებას და არავის მივცემთ ჩვენი ქვეყნის განვითარების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების საშუალებას.

როდესაც ევროპულ განვითარებაზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ გულდასაწყვეტია, რომ სტატუსი არ მოგვცეს - ამას თავის ახსნა აქვს. საქართველომ მართლა ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმებით, არაფერზე უკან არ დაგვიხევია, გვქონდა ომები, გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი სამხედროები ყველაზე დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ყველაზე თავგანწირვით იბრძოდნენ... უამრავი ხელ-ფეხ დაკარგული ჯარისკაცი გვყავს, ეს ჩვენთვის ბევრ რამეს ნიშნავს და თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით რამხელა ხარჯი გაიღო საქართველომ ამ ყველაფრისთვის. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და პირდაპირ ვიტყვი - ქვეყნის დასჯა, მაგრამ ვიმეორებ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ, გავაგრძელოთ მუშაობა და დარწმუნებული ვარ ჩვენ შევძლებთ ამ სტატუსის მოპოვებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.