12.ივლისი .2021 19:30

გურიაში 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში განთავსების ყველაზე მაღალი ფასია - PMCG-ის მიმოხილვა

გურიაში 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში განთავსების ყველაზე მაღალი ფასია - PMCG-ის მიმოხილვა
views 7438
უკან

PMCG-ის ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, ივნისში 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ყველაზე მაღალი განთავსების საშუალო ფასი გურიაშია.

დღეს გამოქვეყნებული კვლევაში აღნიშნულია, რომ ივნისში 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ნომრების საშუალო ღირებულებამ 496 ლარი შეადგინა. რეგიონების მიხედვით კი გურიაში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 739 ლარია, თბილისში - 644 ლარი, კახეთში - 470 ლარი, ხოლო აჭარაში - 457 ლარი.

BM.GE-ი დაინტერესდა - რა განაპირობებს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების სეგმენტში გურიის რეგიონში ყველაზე მაღალ საშუალო ფასს და ამ კითხვით ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვის ავტორსა და PMCG-ის მკვლევარს ნიკა კაპანაძეს მიმართა.

„გურიაში ერთადერთი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პარაგრაფია“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია, შესაბამისად, ეს გურიის რეგიონში ამ სეგმენტის სასტუმროების ფასს განაპირობებს.

ქვეყანაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები ძალიან მცირე რაოდენობითაა, რაც კონკრეტულ რეგიონებში მაღალ ფასს განაპირობებს და ამის ყველაზე კარგი მაგალითი გურიაა. ყველაზე მეტი რაოდენობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები თბილისსა და აჭარაში ფიქსირდება, შესაბამისად, მაღალი კონკურენციის პირობებში ნომრების საშუალო ღირებულება უფრო დაბალია“, - უთხრა BM.GE-ის ნიკა კაპანაძემ.

რაც შეეხება სხვა სეგმენტის სასტუმროების საშუალო ღირებულებას, ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 136 ლარი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების - 243 ლარი, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა კი 81 ლარი შეადგინა.

„4-ვარსკვლავიან სასტუმროებში მაღალი ფასებით მცხეთა-მთიანეთი, თბილისი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი გამოირჩევა, ხოლო აჭარაში სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო მეტი სასტუმროა, შესაბამისად ამ სეგმენტში ფასები 200 ლარამდეა, ხოლო დანარჩენ რეგიონებში 250-დან 300 ლარამდე მერყეობს.

3-ვარსკვლავია სასტუმროს ფასები რეგიონების მიხედვით, დაახლოებით, 100-დან 150 ლარამდე შუალედში მერყეობს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გადაცდომას.

რაც შეეხება გესთჰაუსების კუთხით სასტუმროს ფასებს, მათ 80%-ში ღირებულება 50-დან 100 ლარამდე მერყეობს“, - განმარტა PMCG-ის მკვლევარმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა