მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში „სანსეტ შოვმა“ ოპერირება განაახლა - რას სთავაზობს სასტუმრო დამსვენებელს და რა ფასად?

64abd2ba124c9
ვიქტორია მღებრიშვილი
11.07.23 00:15
3093
რაჭაში, სასტუმრო „სანსეტ შოვმა“ ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა. 

კურორტ შოვში მდებარე სასტუმრო დამსვანებელს სხვადასხვა ტიპის 30 კომფორტულ ნომერს და 2 კოტეჯს სთავაზობს, მის მართვას კი სასტუმროების საერთაშორისო მმართველი კომპანია Hotel Collection International უზრუნველყოფს. კომპანიის პროექტების საოპერაციო მმართველი ანა მურადაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ სასტუმროს გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას დამსვენებლებისათვის კომფორტის შექმნაზე ამახვილებს და განთავსებასთან ერთად სურვილისამებრ ერთჯერად და სამჯერად კვებას სთავაზობს. სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს გასართობი ზონები - მაგიდის ჩოგბურთი, მაგიდის ფეხბურთი, ბილიარდი, დახურული კალათბურთის მოედანი გარე კალათბურთის/ფეხბურთის მოედანი და საბავშვო ოთახი.

Hotel Collection International-ის პროექტების ოპერაციების მენეჯერი ანა მურადაშვილი ამბობს, რომ „სანსეტ შოვმა“ მუშაობა სულ ერთი კვირაა რაც განაახლა და ამ დროისთვის განთავსებაზე მოთხოვნა ნელ-ნელა აქტიურდება. მისივე ინფორმაციით, შოვში დასვენებაზე ადგილობრივების მხრიდან უფრო დიდი ინტერესია, თუმცა დამსვენებელთა შორის არიან უცხოელებიც. მართვის კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ზემო რაჭაში დასვენების სეზონი ივლისის შუა რიცხვებიდან აქტიურდება და პიკს აგვისტოსთვის აღწევს.

რაც შეეხება „სანსეტ შოვში“ განთავსების ფასებს, შოვის ამ სასტუმროში 1 დღით დასვენების ღირებულება 200 ლარიდან იწყება და ნომრის ტიპის მიხედვით იზრდება. განთავსების ფასში შედის საუზმე, თუმცა სტუმრებს სადილისა და ვახშმის დამატებაც შეუძლიათ. სასტუმროს მენეჯმენტში აღნიშნავენ, რომ „სანსეტ შოვში“ ყველა სეგმენტისა და ინტერესის სტუმარს ელიან და პასიურ დასვენებასთან ერთად, აქტიური დასვენების დაგეგმვასაც სთავაზობენ.

ცნობისთვის: შოვი ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, თბილისიდან 265 კმ-ში მდებარეობს. კლიმატი საშუალო ალპურია. შოვში ზამთარი ცივი და თოვლიანია, ზაფხული კი ზომიერად თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 17 °C). აღსანიშნია, რომ უძრავი ქონების განვითარების კომპანია “სიმეტრიას“ თაოსნობით, 2017 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს კურორტ შოვის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებისთვის აუცილებელი სამუშაოები. რეგიონში განვითარების პროექტის ძირითადი პარტნიორები სასტუმრო "სანსეტ შოვი", სასტუმრო G&M Shovi-Racha Resorts და პანსიონატი "მამისონი" არიან, რომლებიც კურორტის ისტორიული ტერიტორიის ძირითად ნაწილს ფლობენ.

დღეს არსებული განვითარების გენერალური გეგმის თანახმად, კურორტზე 5*, 4* და 3* სასტუმროების, კოტეჯების, სპორტული, გასართობი და ბალნეოგიურ-რეკრეაციული დანიშნულების ინფრასტრუქტურის შექმნაა დაგეგმილი, რაც კურორტს ოთხივე სეზონზე მოსანახულებლად და დასასვენებლად ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ადგილად აქცევს. წარმოდგენილი გეგმით განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობა 130 მილიონ დოლარს აჭარბებს. კურორტზე არსებულ სასტუმროებს კი მართვას უწევს სასტუმროების საერთაშორისო მმართველი კომპანია Hotel Collection International

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები