მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურიაში 6 ჰა-ზე ავოკადოს ბაღი გაშენდა - Geonuts Company-ს გეგმები და მოლოდინები

60b12c59580b5
ვიქტორია მღებრიშვილი
28.05.21 23:50
3414
კომპანია Geonuts Company-მ, რომელიც გურიაში 20 ჰა-ზე გაშენებულ სხვადასხვა კულტურის ბაღებს მართავს, საქართველოსთვის არატრადიციული კულტურის გაშენება გადაწყვიტა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხონაგორაში 6 ჰა-ზე 2 500 ძირამდე ავოკადო მიმდინარე წლის მარტში გააშენა.

კომპანიის დირექტორი რევაზ ჩიტიძე BM.GE-სთან ტროპიკული ხილის გაშენების მიზნებზე, გეგმებზე და რისკებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ავოკადოს მიმართ ინტერესი მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება.

„მსოფლიო ბაზარზე ამ პროდუქტზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად მზარდია ფასიც. ჩემი ინფორმაციით ბაზარზე ავოკადოზე მოთხოვნა 80%-ითაა გაზრდილი.

მიუხედავად იმისა, რომ ავოკადოს ბაღი პატარა ფართობზე არ გაგვიშენებია ამ საკითხს ბევრი რისკი და გამოცდა ელოდება. თუმცა ჩვენთვის სოფლის მეურნეობაში ეს პირველი გადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა. სოფლის მეურნეობა ისეთი დარგია, რომელსაც მაქსიმალური ყურადღება და განვითარება სჭირდება. შევეცადეთ, რომ არატრადიციული კულტურები მოგვესინჯა, რომელმაც თუ გაამართლა საკმაოდ მომგებიანია“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის დირექტორმა.

რევაზ ჩიტიძე ამბობს, რომ ახალი კულტურის მოვლის პროცესი თავდაპირველად გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, თუმცა კომპანია გასარისკად მზად არის.

„კლიმატური პირობებიდან გამომდინარე საქართველოში ავოკადოს მოვლის კუთხით მთავარი პრობლემა ყინვა და ქარია. ადრეულ ასაკში ნერგებს მაქსიმალური მოფრთხილება სჭირდება. ყინვისგან დაცვის სხვადასხვა საშუალებები არსებობს და ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუმცა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენი ბაღები მომავალ წლებში მოსავლიანი იყოს. ვიმედოვნებთ, რომ გამოგვივა. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ მექსიკური წარმოების ნერგები, რომელიც ჩვენს კლიმატურ პირობებს მეტად ერგება“, - აღნიშნავს ჩიტიძე.

კითხვაზე - რა ინვესტიცია ჩადო Geonuts Company-მ ბაღების გაშენებისთვის, კომპანიის დირექტორი ზუსტი რიცხვის დასახელებისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ ბაღების გაშენებისთვის ჩადებული ფინანსური რესურსი დიდია და განმარტავს:

„თუ ინვესტირებას ტყე-ბუჩქნარის გაჩეხვიდან იწყებ და შემდგომ ეს მიწა გასაკულტურებელია, ვგულისხმობ ნიადიგის იმ ნივთიერებებით გამდიდრებას, რომელიც ნერგებისთვისაა საჭირო, ასევე საირიგაციო სისტემის მოწყობას, სხვა ინვესტიციასთან გვაქვს საქმე. ჩვენ 7 წლის წინ სახელმწიფოსგან იჯარით ავიღეთ მიწის ნაკვეთი, რომელიც დაჭაობებული იყო. ამ ტერიტორიის დასუფთავებას, სადრენაჟე სისტემის მოწყობას, ნიადაგის მოყვანას იმ კონდიციამდე, რაც ნარგავს სჭირდება, შემდეგ დარგვისთვის, წვეთოვანი სისტემების გამართვისთვის და მოვლისთვის, დიდი ინვესტიციის ჩადება სჭირდება.

დღეს კი ავოკადოს ბაღის გაშენებისთვის, ერთ ნერგში დაახლოებით 15 ევრო გადავიხადეთ“, - უთხრა BM.GE-ის რევაზ ჩიტიძემ.

ავოკადოს ნერგები მოსავლის მიღების ნიშანს მესამე წლიდან იძლევა, ხოლო მცირე მოსავალს მეოთხე წელს ისხამს. მეხუთე-მეექვსე წლებში კი მოსავლიანია. Geonuts Company-ს დირექტორი ამბობს, რომ საპროგნოზო გათვლებით 1 ჰა-ზე 20 ტონამდე ავოკადო მოდის და კომპანია მოსავლის მიღების შემდეგ მის რეალიზებას ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე გეგმავს.

„ავოკადოს ადგილობრივ ბაზარზეც გავყიდით, თუმცა მხოლოდ ეს ბაზარი ამ მასშტაბების ასათვისებლად ხელსაყრელი არ იქნება. ძირითადად ექსპორტზე გავიტანთ. ეს იქნება ევროპა თუ სხვა ქვეყნები. მოთხოვნა ავოკადოზე ყველა ბაზარზე მზარდია.

დღეს კილოგრამის ფასი დაახლოებით 3-4 ევროა, საქართველოში კი ერთი ცალი ავოკადოს ღირებულება 3-4 ლარია“, - აღნიშნა რევაზ ჩიტიძემ.

ცნობისთვის, Geonuts Company გურიაში ვაშლის, მსხლის, ფეიხოას ბაღები 20 ჰა-ზე აქვს გაშენებული, ხოლო გარგარის ბაღის ფართობი 19 ჰა-მდეა.