23.სექტემბერი .2020 23:20

„ღვინის მსოფლიო რუკაზე არც ისე მკვეთრად არის მოხაზული საქართველო, როგორც ჩვენ გვგონია“ - სომელიეთა ასოციაცია

views 567
უკან

„ღვინის სამშობლოდ გვაღიარეს, მაგრამ ახლა უკვე შემდეგი ნაბიჯებია გადასადგმელი და ღვინო გვჭირდება უკვე ისეთი, რომლითაც თავს დავიმკვიდრებთ საერთაშორისო ბაზარზე, ამის მისაღებად კი განათლება გვაკლია“ - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ , სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შალვა ხეცურიანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ღვინის მსოფლიო რუკაზე არც ისე მკვეთრად არის მოხაზული, როგორც ჩვენ გვგონია.

„ღვინო გვაქვს და თანაც კარგი, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ მიდგომა ღვინის კულტურისადმი ცოტა ზედაპირულია. ქვეყანას სჭირდება პრემიალური კლასის ღვინო და გვჭირდება იმის გააზრება, რომ მიუხედავად ღვინის უძველესი ისტორიისა, ეს ბიზნესი ქვეყანაში მაინც ახალია და საჭიროებს როგორც მეტი განათლების, რჩევა/რეკომენდაციის მიღებას, ასევე ადგილწარმოშობების უპასუხისმგებლო გაზრდის შეწყვეტას, ხოლო საბოლოო მიზანი არის ის, რომ აქცენტი ყურძნის ჩაბარებიდან ადრე თუ გვიან გადავიდეს ნორმალური ღვინის წარმოებაზე,“ - აღნიშნა შალვა ხეცურიანმა.

მისივე თქმით, ჩვენ არ ვართ გასაგები რუსულენოვანი ბაზრების გარდა თითქმის არცერთი ქვეყნისთვის და ამიტომაც გვჭირდება გასაგები ღვინოების კლასიფიკაცია, რომელიც იქნება სანდო და გაზრდის ჩვენს ცნობადობას.

„ღვინო არ არის მხოლოდ მეღვინის ან სომელიესი, ეს არის ერის ზოგადი მონაპოვარი და უნდა გავუფრთხილდეთ ამ ერთადერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო სახეს, ჩვენ მეტი ასეთი დიდი და მასშტაბური არაფერი გაგვაჩნია,“ - განაცხადა ხეცურიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა