„ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 8 აპრილს დაამტკიცა და ძალაში 22 აპრილიდან შევიდა. განაცხადების მიღება კი 22 მაისამდე გაგრძელდება.
ქვეყნის შიგნით ადგილობრივი წარმოების ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის პოპულარიზაციის ხარჯების თანადაფინანსებას გულისხმობს, ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს და ის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის“ „ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით გამოყოფილი თანხებით დაფინანსდება.
დღეს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ შეხვედრის მონაწილე საქართველოში მოქმედ მეღვინეობის ასოციაციების წარმომადგენლებს პროგრამის მიზანი და პირობები გააცნო.
პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი გამოფენა-ფესტივალების, კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზატორების თანადაფინანსების პირობები და ანაზღაურების ოდენობა, იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომლებიც უნდა წარმოადგინონ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების მსურველმა იურიდიულმა პირებმა.
რაც შეეხება პროგრამის პირობებს და ანაზღაურების მოცულობას, სახელმწიფო შემდეგი სახის ღონისძიებებში მონაწილეობას დააფინანსებს:
ა) ქართული ღვინოპროდუქციის ფესტივალები;
ბ) ღვინოპროდუქციის თემატური გამოფენები ქართული ღვინის მონაწილეობით;
გ) ადგილობრივი და საერთაშორისო ღვინოპროდუქციის კონკურსები;
დ) ღვინოპროდუქციის საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.
„ბენეფიციარს აუნაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიების ღირებულების, ფაქტობრივად დადასტურებული ხარჯები, არაუმეტეს ღონისძიების სრული ღირებულების 70%-ის ოდენობით, 150 000 ლარის ფარგლებში“ - აღნიშნულია მთავრობის 10 აპრილის დადგენილებაში.