მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Heritage Foundation: აშშ საქართველოს ანაკლიის პორტის ინვესტორის მოძიებაში უნდა დაეხმაროს

5e37e98c1a674
შოთა ტყეშელაშვილი
03.02.20 13:48
1203
ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობებისა და 2020 წლის სამოქმედო სტრატეგიის შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა. ორგანიზაციის შეფასებით, 2020 წლის განმავლობაში აშშ-ის პრიორიტეტი საქართველოსთან ურთიერთობაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა უნდა იყოს. კიდევ ერთ პრიორიტეტად ორგანიზაცია საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას ასახელებს. ამასთანავე, ეკონომიკურ პრიორიტეტთა შორის Heritage Foundation-ი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში საქართველოსთვის მხარდაჭერის გამოცხადებას და ახალი ინვესტორის მოძიებაში დახმარებასაც ასახელებს. 

"ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც ქართულ-ამერიკული კომპანიების ერთობლივი პროექტი უნდა ყოფილიყო, 2017 წელს დაიწყო, პროექტის მიზანს შავი ზღვის სანაპიროზე ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა წარმოადგენდა. პროექტის მიხედვით, $2.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციით უნდა შექმნილიყო პორტი, რომელსაც 10,000 კონტეინერიანი (TEU ერთეული) გემების მიღება შეეძლებოდა. პორტი 2021 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა მისი განვითარება შეჩერებულია. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა", რომელსაც სახელმწიფომ პროექტის მშენებლობის ნებართვა 2016 წლის ოქტომბერში მიანიჭა, ვერ შეძლო სახელმწიფოსთვის 2019 წლის ბოლომდე აღებული ვალდებულებები შეესრულებინა. ამის გამო, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ახალი ინვესტორის პოვნამდე კონტრაქტი შეეწყვიტა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დროული დახმარება უნდა გაუწიოს ახალი ინვესტორის პოვნისთვის. საქართველოს სჭირდება ეს პორტი. ეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის და მას საერთაშორისო რუკაზე წარმოაჩენს. ეს საქართველოს როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურადაც დაეხმარება. ანაკლიის პორტი ამასთანავე, უფრო გააღრმავებს აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს. აშშ-ის კონგრესი და ადმინისტრაცია აქტიურად უნდა ჩაერთონ, რათა საქართველომ ახალი ინვესტორი იპოვოს და განაახლოს ამ პროექტის განხორციელება", - ნათქვამია Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში. 

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყვიტა. 9 იანვარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ კონსორციუმისგან პირგასამტეხლოს გადახდას მოითხოვს. 

ამ დროისთვის "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" პორტის პროექტზე 74 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული. ეს თანხები ცალკეული მიმართულებით ასე ნაწილდება: 

  • სამშენებლო სამუშაოები (ანაკლიაში ფსკერის დაღმავება, პორტისთვის ტერიტორიის მომზადება) - $35 მილიონი დოლარი; 
  • საზღვაო და საინჟინრო კვლევები - $13 მილიონი დოლარი; 
  • სახელმწიფოსთვის გადახდილი გადასახადები და მოსაკრებლები - $7 მილიონი დოლარი; 
  • დეტალური დიზაინის მომზადება - $4 მილიონი დოლარი; 
  • პროექტის დაგეგმარება და მენეჯმენტი - $4 მილიონი დოლარი; 
  • დაფინანსების მობილიზება და იურიდიული ხარჯი - $4 მილიონი დოლარი; 
  • გარემოზე ზემოქმედების კვლევები და გარემოზე ზემოქმედების შემსუბუქების ღონისძიებები - $2 მილიონი დოლარი; 
  • სხვა ხარჯები - $3 მილიონი დოლარი.