მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hotel HUB – რას მოიცავს ORBI Group-ისა და Block Group-ის $100 მლნ-იანი ინოვაციური პროექტი?

643304882d3e9
თათია ჩაფიჩაძე
09.04.23 22:35
3052
Hotel HUB – ასე ეწოდება თბილისის ცენტრში, ალ ყაზბეგის გამზირზე, დაგეგმილ ინოვაციურ, 100 მლნ დოლარის ღირებულების პროექტს, რომელიც 140 000 კვ.მ.-ზე განთავსდება და 41-სართულიან თაუერსს, 6-სართულიანი პოდიუმით გააერთიანებს. ეს კომპანია „ორბი ჯგუფისა“ და „ბლოკ ჯგუფის“ ერთობლივი საინვესტიციო პროექტია, რომელსაც პროექტის განმახორციელებელთა თქმით, მოგებიანობის გათვალისწინებით უძრავი ქონების სექტორში ანალოგი არ გააჩნია.

Orbi Group-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ და Block Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა პროექტი გადაცემა „Forbes კვირაში“ წარადგინეს.

მათი ინფორმაციით, კომპლექსი 1 400-ნომრიან „ჰოტელ ჰაბს“ მოიაზრებს, სადაც 25 ხუთვარსკვლავიან სასტუმრო იქნება განთავსებული, მათ შორის 150-ნომრიანი „რედისონი“. მულტიფუნქციურ სივრცეში 25 ათასს კვ.მ-ზე ავტომატიზირებული საპარკინგე ზონა მოეწყობა, 4,500 კვ.მ. სამორინეს დაეთმობა, რითაც ის თბილისში ყველაზე დიდი იქნება; 10 000 კვ.მ-ზე კი სავაჭრო ცენტრის მოწყობა იგეგმება, სადაც მხოლოდ მაღალი კლასის ბრენდები იქნება წარმოდგენილი.

ამავე კომპლექსში იქნება რეგიონში ყველაზე დიდი „ივენთ ჰოლი“ 12-მეტრიანი ჭერის სიმაღლით, რომელიც ყველანაირი ტიპის ღონისძიებას უმასპინძლებს, მათ შორის როგორც საქმიანს, ისე სპორტულსა თუ გასართობს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა კი მსურველებს სიმფონიური ორკესტრის კონცერტის გამართვის საშუალებასაც მისცემს.

1 500 კვ.მ-ზე განთავსდება პრემიუმ კლასის დახურული აუზი, გამაჯანსაღებელი ესთეტიკის ცენტრით. კომპლექსი ერთადერთი ადგილი იქნება თბილისში, სადაც „ფაინ დაინინგის“ 7 სხვადასხვა სამზარეულოს პრემიუმ რესტორანი მოიყრის თავს. ერთ-ერთი თაუერის ბოლო სათულზე კი განთავსდება „მიშლენის ვარსკვლავის“ მფლობელი რესტორანი. პროექტი პრემიუმ კლასის საოფისე სივრცესაც მოიცავს, რომელიც 500 მომხმარებელზეა გათვლილი.

კითხვაზე - რატომ გაჩნდა დედაქალაქში ამ მასშტაბის პროექტის განხორციელების იდეა, „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ამბობს, რომ მთავარი ტურიზმის მიმართულებით მომდევნო წლებში არსებული პროგნოზებია, რომელიც ზრდის ტენდენციას აჩვენებს.

„საქართველოში ტურიზმის განვითარების ტემპი საკმაოდ მაღალია და ამას ტურიზმის საერთაშორისო ორგანზიაციის სტატისტიკაც ცხადყოფს, რომლის მიხედვითაც, თუ საქართველოში 2010 წელს ტურისტების რაოდენობა 3 მლნ იყო, დღეისთვის ეს რიცხვი 9 მლნ-მდეა გაზრდილი, რაც საქართველოს ზომის ქვეყნისთვის მართლაც რომ შთამბეჭდავია. პროგნოზები ზრდის ტემპის შენარჩუნების მხრივ პოზიტიურია, ამიტომაც ტურიზმთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება ძირითადი პრიორიტეტია და სასტუმრო ბიზნესი მიმზიდველთან ერთად სტრატეგიული მიმართულებაა. ამის გათვალისწინებით გაჩნდა ინოვაციური სიანვესტიციო პროდუქტის, მაღალი კლასის Hotel HUB-ის შექმნის იდეა, რომელიც ერთ კომპლექსში მოიაზრებს 25 ხუთვარსკვლავიან სასტუმროსთან ერთად, მაღალი კლასის ინფრასტრუქტურის და სერვისის შექმნას, რომლის ანალოგი არც საქართველოში და არც მსოფლიოში არ არსებობს“, - განაცხადა „ფორბს კვირაში“ პროექტის პრეზენტაციისას ირაკლი კვერღელიძემ.

25 ხუთვარსკვლავიან სასტუმროსთან ერთად მულტიფუნქციური ცენტრის ბოლო სართულზე საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული პენთჰაუსების მოწყობა იგეგმება, სადაც კვ.მ-ის ფასი $20 000 იქნება, ჯამურად კი პენტჰაუსის შეძენა მსურველებს $8 მლნ დაუჯდებათ. მის შექმნაზე წამყვანი დიზაინერები, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სმარტ სისტემების გამოყენებით იმუშავებენ.

„$100 მლნ მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ნაწილში იდება, საინვესტიციო ნაწილში ის კიდევ უფრო მოცულობითია. თაუერსში, სადაც Radisson-ის ბრენდის სასტუმრო იქნება წარმოდგენილი, ბოლო სართულზე თბილისში, ყველაზე ძვირადღირებული პენტჰაუსები მოეწყობა, რომლის კვ.მ-ის ღირებულება 20 000 დოლარი იქნება, ჯამური ღირებულება კი 8 მლნ დოლარს მიაღწევს. თითოეულ პენტჰაუსს მინიმუმ 150-200 კვ.მ.-ის ღია სივრცე აქვს. მის შექმნაში წამყვანი დიზაინერები მონაწილეობენ და ის თანამედროვე ტექნოლოგიებით და სმარტ სისტემებით იქნება აღჭურვილი. თავისი მდებარეობიდან და სიმაღლიდან გამომდინარე, პენტჰაუსებიდან მთელ თბილისზე 360-გრადუსიანი პანორამული ხედები გადაიშლება. მფლობელები ყველა იმ სერვისითა და ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ, რაც 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს $100 მლნ-იან პროექტს მოჰყვება“, - განმარტა ირაკლი კვერღელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები