მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HR.GE : ვაკანსიების რაოდენობა 3-ჯერ შემცირდა

5fd25622ad8d2
თათია ჩაფიჩაძე
10.12.20 22:51
5752
დასაქმების პორტალ HR.GE-ს ინფორმაციით, ვაკანსიების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამჯერ შემცირებულია, წინა წლებისგან განსხვავებით კი კომპანიები მხოლოდ დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ეძებენ.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში HR.GE-ის რეგიონალურმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა განაცხადა, მოთხოვნა გაზრდილია ქოლ-ცენტრის ოპერატორებზე, კურიერებზე, აიტი სპეციალისტებსა და ექთნებზე. 

„ვაკანსიების განთავსების კუთხით ყველაზე კრიტიკული იყო აპრილი, 10-ჯერ ნაკლები იყო დღიური განთავსება. ზაფხულში ბიზნესი უფრო გააქტიურდა, თუმცა ოქტომბრის ბოლოდან, როცა ინფიცირებულების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, ვაკანსიების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

დღესდღეობით დღიურად 80-90 ვაკანსია ცხადდება, რაც სამჯერ ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. ცუდი ტრენდით მივდივართ დეკემბერში, ჯამურად ალბათ 1 500-ზე მეტი არ გვექნება. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ადრე თავსდებოდა როგორც მაღალი, ისე საშუალო და დაბალი რგოლის ვაკანსიები, ახლა მაღალი რგოლის ვაკანსიები ფაქტობრივად გაქრა. უმეტესად ეძებენ კონსულტანტებს, მოლარეებს, ასევე აქტუალურია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. ადრე ამ სექტორში ვაკანსიები ფაქტობრივად არ იდებოდა, 5% იყო მთლიანი რაოდენობიდან, დღეს კი 20%-მდეა გაზრდილი. მოთხოვნაა ასევე ქოლ-ცენტრის ოპერატორებზე, კურიერებზე და IT სფეროს წარმომადგენლებზე", - განაცხადა შახბაზიანმა.

მისივე თქმითმ ვაკანსიების 90% თბილისშია, რეგიონებში კი, მათ შორის საკურორტო ქალაქებში ისე როგორც ზაფხულში, ზამთარშიც შემოთავაზებები თითქმის არ არის.

"რაც შეეხება სამუშაოს მაძიებელთა რიცხვს, თუ პანდემიამდე დღიურად 100-მდე ადამიანი რეგისტრირდება, მარტიდან ეს მონაცემი გაორმაგდა, უმეტესად ჰორეკას და ტურიზმის სექტორში სამსახურდაკარგულები აქტიურობდნენ. ბოლო პერიოდში კი რაც შეზღუდვები ამოქმედდა, ეს მონაცემიც დაკლებულია და დღიურად საშუალოდ 70 ადამიანი ათავსებს cv-ს", - აღნიშნა HR.GE-ის რეგიონალურმა მენეჯერმა.