მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა - რაზეა მაღალი მოთხოვნა?

64bfcc3155286
ვიქტორია მღებრიშვილი
26.07.23 09:32
1502
PMC კვლევითი ცენტრმა ივნისის დასაქმების თრექერი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით 2023 წლის პირველ ნახევარში Jobs.ge-ზე 42 075 ვაკანსია გამოქვეყნდა.

მიმოხილვის მიხედვით, ვაკანსიების რაოდენობა გასული წლის ამავე პერიოდს 15%-ით აღემატება. აღსანიშნია, რომ 2023 წლის ივნისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა მაისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობას 1.1%-ით ჩამორჩება.

სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ვაკანსია 6 თვის განმავლობაში გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში გამოქვეყნდა. „იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 10,978 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 82.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობამ 9 919 შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 32.2%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 99.9%-ითაა გაზრდილი.

ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში ამ პერიოდში 7,799 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 46.4%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელს 121.4%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები