PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, აპრილიდან ივნისის ჩათვლით Jobs.ge-ზე ჯამში გამოქვეყნდა 21,626 ვაკანსია, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე დიდი, 15.4%-იანი, კლება დაფიქსირდა ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში.
2025 წლის აპრილიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით, 4,355 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-იანი ზრდაა.
2025 წლის აპრილიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით, 815 ვაკანსია გამოქვეყნდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7%-ით მეტია.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ივნისში jobs.ge-ზე 7759 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც მაისთან შედარებით 6.4%-ით მეტი, 2024 წლის ივნისთან შედარებით კი 1%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
თვიურ ჭრილში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში (11%), ხოლო ძირითად კატეგორიებს შორის ყველაზე მცირე - ფინანსების კატეგორიაში (2.6%). წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში (16%), ხოლო ყველაზე დიდი კლება – ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში (10%).
რაც შეეხება დასაქმების ბაზრის მაჩვენებლებს, მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, დასაქმებულად ითვლება 1.4 მლნ ადამიანი, აქედან დაქირავებით დასაქმებულია 958 ათასი, თვითდასაქმებული - 435 ათასი. საქსტატი უმუშევრად მიიჩნევს 239 ათასს პირს. დასაქმების დონე 46.8%-ია, უმუშევრობის კი - 14.7%. საშუალო ნომინალური ხელფასი ქვეყანაში 2170 ლარია.




























