მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში ფრინველის კვერცხის იმპორტი 95.1%-ით შემცირდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით კვერცხს

608bf0737db2e
ვიქტორია მღებრიშვილი
30.04.21 21:15
1481
2020 წელს ფრინველის კვერცხის იმპორტი მცირედით - 10.3%-ით შემცირდა. ოთხ საიმპორტო ბაზარზე შეძენილი კვერცხის ღირებულებამ ჯამში 2.6 მლნ დოლარი შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პანდემიამდე საქართველომ 2.9 მლნ დოლარის კვერცხი შეიძინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად 163.6%-ით აღემატებოდა (2018 წელს კვერცხის იმპორტისთვის ქვეყნიდან 1.1 მლნ დოლარი გავიდა).

BM.GE დაინტერესდა, სად ვყიდულობთ და სად ვყიდით კვერცხს. საქსტატის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში კვერცხი ოთხი ქვეყნიდან შემოგვაქვს, ხოლო 2018 წელს ფრინველის სხვადასხვა სახის კვერცხს აზერბაიჯანშიც ვყიდულობდით.

გასულ წელს თურქეთიდან 1.7 მლნ დოლარის, უკრაინიდან - 577.5 ათასი დოლარის, ბულგარეთიდან 276 ათასი დოლარის და უნგრეთიდან 39.9 ათასი დოლარის ღირებულების ფრინველის ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული კვერცხი შევიძინეთ.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კვერცხის იმპორტი 95.1%-ით შემცირდა და იმპორტირებული პროდუქტის ღირებულებამ 53.6 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2020 წელს შემოტანილი ფრინველის კვერცხის თითქმის ნახევარი პირველ კვარტალზე მოდიოდა. ამასთან განსხვავებულია წლის დასაწყისში შემოტანილი კვერცხის საიმპორტო ბაზრებიც - წელს საქართველომ ფრინველის კვერცხი თურქეთში, ჩეხეთში, საფრანგეთსა და უნგრეთში შეიძინა.

რაც შეეხება ექსპორტს, უნდა აღინიშნოს, რომ იანვარ-მარტში საქართველოდან 273.9 ათასი დოლარის ღირებულების ფრინველის კვერცხი მხოლოდ მეზობელ აზერბაიჯანში გავიდა, რაც 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს 69.3%-ით აღემატება.

2020 წელს საქართველომ ჯამში 1.5 მლნ დოლარის ღირებულების კვერცხის რეალიზება მხოლოდ აზერბაიჯანში მოახდინა, მაშინ როდესაც 2019 წელს საექსპორტო ბაზრებს შორის აზერბაიჯანთან ერთად არაბთა გაერთიანებული საამიროები (188.1 ათასი დოლარი), საუდის არაბეთი (104.2 ათასი დოლარი) და სომხეთიც (39.4 ათასი დოლარი) იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები