მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-სექტემბერში საკარანტინედ 95 სასტუმრო გადაკეთდა - სასტუმროების სია

61825d4893a75
ვიქტორია მღებრიშვილი
04.11.21 09:45
838
მიმდინარე წელს საკარანტინე სასტუმროების პროგრამაში საქართველოს მასშტაბით 95 სასტუმრო იყო ჩართული. სასტუმროების სრული ჩამონათვალის ხილვა შეგიძლიათ იხილოთ აქ

როგორც BM.GE-ის კითხვების საპასუხოდ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, იანვარ - სექტემბერში საკარანტინე მომსახურება 33 756-მდე ადამიანს გაეწია, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 371 026 ლარი დაიხარჯა.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, რომელიც პროგრამის განმახორციელებელია, განმარტავენ რა შემთხვევაში ექვემდებარებოდა პირი საკარანტინე სასტუმროში გადაყვანას და რა პირობით შეეძლოთ სასტუმროებს პროგრამაში ჩართვა.

„პროექტში ჩართულ სასტუმროში, გარდა ეპიდემიიდან გამოწვეული რისკჯგუფებს განკუთვნილი (ინფიცირებული, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი, საზღვრიდან კარანტინს დაქვემდებარებული) პირებისა, არ უნდა ყოფილიყვნენ განთავსებული სხვა სტუმრები, ისევე როგორც პროექტის განმავლობაში იკრძალებოდა სხვა სტუმართა ნაკადის მიღება.

ასევე, სასტუმროების ნაწილი ვერ ახერხებდა პროექტში ჩართვას საჭირო უსაფრთხოებისა და სანიტარიული სტანდარტების არქონის გამო (ცენტრალური კონდენცირების სისტემა, საერთო სველი წერტილები და ა.შ.). სასტუმროების შემდგომში საკარანტინო და კოვიდ სივრცეებად გამოყენების მიზნით შერჩევის პროცესში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით არჩევდა საკარანტინო და კოვიდ სივრცეებისთვის განკუთვნილ სასტუმროებს.

სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ მცირე, საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებთან. აღნიშნული შერჩევის პროცესში ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა მის ხელთ არსებულ ბაზებზე დაყრდნობით, ასევე, სასტუმროებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების მიზნით კონკრეტულ ლოკაციაზე რეგიონების მასშტაბით აქტიურად იყვნენ ჩართულები ქალაქის მერები, გუბერნატორები და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები (DMO)“, - განმარტავენ ადმინისტრაციაში.

მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინე სასტუმროებში ნომრის ერთი ღამისთევის ღირებულება 80, 120 და 150 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რაც სამჯერად კვებას, პირადი ჰიგიენის ნივთებს, დასუფთავების საშუალებებსა და თერმომეტრს მოიცავს. ასევე, საკარანტინე სივრცეებში განთავსებული პირებითვის სასტუმროს ნომრებში არის წყალი, ჩაი, ყავა და შაქარი.

ცნობისთვის: როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გასულ წელს 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, საკარანტინე სივრცეების პროგრამით 215-მა სასტუმრომ ისარგებლა და შედეგად 3 620 დასაქმებულმა სამუშაო ადგილი შენარჩუნდა. მისივე ინფორმაციით, გასულ წელს საკარანტინე სივრცეებით 133 767 ადამიანმა ისარგებლა.