მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იკვეთება თუ არა ანაკლიის პორტის მიმართ თემურ ქარჩავას ინტერესი? - მინისტრის პასუხი

5e43ebd04790b
ინგა მურუსიძე
12.02.20 16:11
1548
"რაც შეეხება ანაკლიის პორტს, აღნიშნული პორტის მიმართ ინტერესი არასოდეს დაგვიკარგავს, ეს იყო პროექტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ იქნა ინიცირებული", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

მისივე თქმით, ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის არის შესაძლებლობა, რომ ეკონომიკურ დერეფანში სერიოზული ინვესტორის ან ახალი სერიოზული გადამზიდავის შემოსვლით მოვიზიდოთ მეტი ტვირთი.

„ანაკლიის პორტი ჩვენთვის არის შანსი, რომ ჩვენს ეკონომიკურ დერეფანში შევქმნათ უფრო დიდი ეკონომიკური აქტივობა, მოვემსახუროთ ლოგისტიკურ ბიზნესს, შევქმნათ სამუშაო ადგილები და ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული ლოკაცია გამოვიყენოთ ჩვენი განვითარებისთვის. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ანაკლიის პორტის განვითარებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს წინადადებებს ინტერესთა გამოხატვისთვის, ამ პროცესში ჩვენი პარტნიორი იქნება EBRD, რათა მოვძებნოთ ანაკლიის პორტისთვის ახალი, ძლიერი ინვესტორი, რომელსაც ექნება რესურსი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი განავითაროს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იკვეთება თუ არა პროექტის მიმართ ბიზნესმენ თემურ ქარჩავას ინტერესი, რაც მინისტრმა არ დაადასტურა.

„ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას, თემურ ქარჩავას ჯგუფი იღებდა მონაწილეობას ინტერესთა გამოხატვაში, რომელიც 2014 წელს იყო გამოცხადებული, თუმცა საბოლოო წინადადება ამ ჯგუფს არ წარუდგენია და საბოლოდ კონსორციუმი გახდა გამარჯვებული. არ მსმენია არც მისი ინტერესის თაობაზე, ჩვენ ვაცხადებთ ახალ ინტერესთა გამოხატვას და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ინტერესთა გამოხატვაში. ჩვენ ვაყალიბებთ მოთხოვნებს ინვესტორების მიმართ, რომ ინვესტორს უნდა ჰქონდეს გამოცდილება, ფინანსური რესურსები და სტრატეგიულად მისაღები ინვესტორი უნდა იყოს. რაც შეეხება იმას, ფოთის პორტის გაფართოება შეიძლება თუ არა იყოს ბარიერი ანაკლიის პორტისთვის, გიპასუხებთ, რომ არ უნდა იყოს ბარიერი, რადგან ფოთის პორტზე ვსაუბრობთ, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოებაზე. გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ ფოთის პორტის ტერმინალი უკვე გაფართოვდა. ანაკლიის პორტი კი არის საშუალება იმისთვის, რომ სერიოზულმა ინვესტორმა მოიზიდოს ისეთი გადამზიდავი, როგორიც არის ფოთში მაგალითად „მაერსკი“, ანაკლიაში ეს შეიძლება იყოს სხვა გადამზიდავი კომპანია. ანაკლიის ინვესტორს ბევრად უფრო მეტი შეღავათი და ბევრად მეტი დახმარება ექნება სახელმწიფოს მხრიდან, ვიდრე ეს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი სხვა პორტის ინვესტორს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.