მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმ ტოტს ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ - ლევან ვეფხვაძე ჰესებისთვის ახალ შეზღუდვებზე

5eb278ce8c349
დავით ჯალაღონია
06.05.20 14:11
1767
მაისიდან ივლისის ჩათვლით, ეკონომიკის სამინისტრო ელექტროენერგიის ჭარბ გამომუშავებას ელოდება, ამიტომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ გენერაციის ობიექტებს ამ პერიოდში შეზღუდვები დაუწესა. კერძოდ, დერეგულირებულ, ძირითადად მცირე ჰიდროელექტროსადგურებს ელექტროენერგიის გამომუშავების შეზღუდვა ან მხოლოდ ექსპორტზე გატანა მოუწევთ.

რა პრობლემებს გამოიწვევს ეს გადაწყვეტილება ენერგოკომპანიებისა და ამ დარგის ინვესტორებისთვის, ამის შესახებ BM.GE ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ლევან ვეფხვაძეს ესაუბრა.

ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გამოსავალზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გასულ წელს, მაისშიც იყო ჭარბი ენერგია, თუმცა მაშინ სახელმწიფომ სხვა მიდგომა აირჩია.

„ის, რომ მაისსა და ივნისში ჭარბი ელექტროენერგია გვაქვს, ახალი არ არის, უბრალოდ სიტუაცია იმიტომ გამწვავდა, რომ მოხმარება დაეცა. საპროგნოზო მოხმარებიდან ვარდნა მნიშვნელოვანი იქნება, დაახლოებთ 10-15%, შესაბამისად, გვაქვს ჭარბი ელექტროენერგია და აქ არის ასეთი არჩევანი - უნდა მოხდეს წყლის დაღვრა, ან ექსპორტზე იაფად გატანა ენგურის ელექტროსადგურის ან დერეგულირებული ელექტროსადგურების.

მსგავსი საკითხი შარშანაც იდგა და შარშან შევთანხმდით, რომ იაფ იმპორტზე, მაგალითად, რუსეთში, გამომუშავებისა და გენერაციის პროპორციულად, ენგურჰესიც გაიტანდა ელექტროენერგიას და კერძო ელექტროსადგურებიც. ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთან მაშინდელი მოლაპარაკებები პოზიტიურად დამთავრდა.

მე როგორც ვხვდები, დღეს გადაწყვიტეს, რომ „ენგურჰესის“ ელექტროენერგია დატოვონ ქვეყანში და სხვებს აიძულონ, ან დაღვარონ ელექტროენრგია, ან სადმე იაფად გაყიდონ, მაგალითად თურქეთში და რუსეთში, სადაც ტრანსპორტირების საფასურს თუკი გამოვაკლებთ, ძალიან მიზერი, ნახევარი თეთრი შეიძლება დარჩეს მოგება გატანის შემთხვევაში.

სახელმწიფო ელექტროსისტემამ კომპანიებს უთხრა, მე თქვენ არ დაგირეგისტრირებთ კონტრაქტებს და ეს იმას ნიშნავს, რომ სიგნალი მისცა მათ, „ენგურჰესის“ ელექტროენერგია ქვეყანაში დარჩება, მაგრამ თქვენ გინდათ დაღვარეთ, გინდათ გაიტანეთ, რაც გინდათ ის გააკეთეთო. ეს თქვენი პრობლემა იქნებოაო“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მისი აზრით, მსგავსი შეზღუდვებით საინვესტიციო გარემო გაუარესდება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ენერგოპროექტებს აღარ დააფინანსებენ.

„რა პრობლემას აჩენს ეს საშუალოვადიან პერსპექტივაში? - პროექტების გარკვეული ნაწილი, რომელიც ახლა მშენებლობის სტადიაზე უნდა გადავიდნენ, არის ბანკებში, კერძო ინვესტორებთან, ან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. ფინანსური ნაკადები რომ ნახოთ, ყველგან დაფიქსირებულია 8 თვე გარანტირებული შესყიდვა და დანარჩენი ბაზრის ფასი. ეს ბაზრის ფასი არის საშუალო, რაც გასულ წლებში დაახლოებით 3 ცენტი ჯდებოდა ხოლმე და ეს იყო დაფიქსირებული ფინანსურ ნაკადებში. ამ დროს, მაისში ექსპორტზე ნახევარი ცენტიც არ იქნება ფასი, მაშინ როცა ელექტროსადგურების გენერაციის ძირითადი ნაწილი სწორედ მაისი-ივნისზე მოდის. ამიტომ ყველა ფინანსური ინსტიტუტი ფინანსურ მოდელებს შეუცვლის და აღმოაჩენს, რომ ამ PPA-ს ფარგლებში ეს კონკრეტული პროექტი არ არის მათთვის საინტერესო, რომ დააფინანსონ და ყველა ეს პროექტი გაჩერდება.

გარდა ამისა, როცა ეს ხმაური სატელევიზიო ეთერში ატყდება, ყველა იმ სოფლის წარმომადგენელი, რომელიც ამ ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა, უფრო მეტი დარწმუნებით გეტყვის, ხალხო რისთვის აშენებთ ელექტროსადგურს, თუ თქვენი დენი არავის უნდა და საშუალოვადიან პერიოდში მივიღებთ სიტუაციას, როცა ეს მშენებარე ყველა საინვესტიციო პროექტი გაჩერდება, როცა ჩვენთვის ახლა, პოსტკრიზისულ სიტუაციაში, კრიზისიდან გამოსვლის, ეკონომიკის ამუშავების და გაცოცხლების ერთ-ერთი კარგი ფორმა იქნებოდა უკვე გამზადებული პროექტების ჩაშვება და დაწყება და ეს პირდაპირ კავშირშია ელექტროსადგურების მშენებლობასთან.

საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ამ გადაწყვეტილებით, საშუალოვადიან პერიოდში იმ ტოტს ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ, ვარტყამთ ეკონომიკას, ახალ საინვესტიციო პროექტებს და ვიღებთ ძალიან არასწორ სიგნალს.

მეორე თემაა, რატომ აკეთებს ამას სახელმწიფო? - ჩემთვის ეს გასაგებია, მაგრამ შეიძლება არ იყოს ბოლომდე მისაღები. მათი მიზანი ის არის, რომ მაქსიმალურად დააგდონ შიდა ბაზარზე ფასი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლები არიან და ამ შემთხვევაში ამ კომპანიებს ამ ზარალის ფონზე, რაც კოვიდის გამო შეიქმნა, მაქსიმალურად ხელს უწყობენ, რომ სამუშაო ადგილები არ შეამცირონ, მაგრამ აქ სწორედ ისეთი გადაწყვეტილება იყო მისაღები, რომ ბალანსი არ დარღვეულიყო ელექტროენერგიის გამომუშავებასა და მომხმარებლებს შორის, ერთი მეორეს ხარჯზე არ უნდა გავაკეთოთ - გავუიაფოთ დენი მათ, ვისაც დღეს უჭირთ და ასევე ჩავაგდოთ მძიმე სიტუაციაში ისინი, ვინც გენერაციას ახდენს“, - განაცხადა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ აუცილებელია, ამ თემაზე დასხდომა და საკითხში ჩართულ ყველა მხარესთან მოლაპარაკება.