მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმერეთში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობისთვის მიწის ექსპროპრიაცია მოხდება

ელექტროენერგია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების „აჯამეთი 1“-ისა და „აჯამეთი 2“-ის ცალკეული მონაკვეთების გაორჯაჭვიანება-რეაბილიტაციის პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად მიიჩნია და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (სსე) ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებისთვის სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება მიანიჭა.

შესაბამისი ბრძანება ეკონომიკის მინისტრმა 2026 წლის 17 აგვისტოს გამოსცა. დოკუმენტის მიხედვით, პროექტის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში ორ კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ჯამში 73 კვ.მ ფართობია მოქცეული.

კერძოდ, პროექტის ზემოქმედების არეალში ხვდება ერთ-ერთი მესაკუთრის კუთვნილი 7 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის 22 კვ.მ ნაწილი, ხოლო მეორე მესაკუთრის 116 568 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის — 51 კვ.მ ნაწილი.

მინისტრის ბრძანების თანახმად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიწების მესაკუთრეებს პროექტის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მათ ქონების ნებაყოფლობით გასხვისება, საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, შესთავაზა. თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, მხარეებს შეთანხმებისთვის ვერ მიუღწევიათ.

ამის შემდეგ სსე-მ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყებისა და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თხოვნით მიმართა.

ბრძანების მიხედვით, „აჯამეთი 1“-ისა და „აჯამეთი 2“-ის ცალკეული მონაკვეთების გაორჯაჭვიანება-რეაბილიტაციის პროექტი „გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ქვესადგურ „ზესტაფონი 500“-დან არსებულ №24 ანძამდე 220 კვ-იანი „აჯამეთი 2“-ის ელექტროგადამცემი ხაზის გაორჯაჭვიანება, ასევე №32 საყრდენიდან ქვესადგურ „ქუთაისი 220“-მდე არსებული 220 კვ-იანი „აჯამეთი 1“-ის ხაზის გაორჯაჭვიანება.

დოკუმენტის თანახმად, გაორჯაჭვიანების შემდეგ „აჯამეთი 1“-ისა და „აჯამეთი 2“-ის ახალ ჯაჭვს „აჯამეთი 3“ ეწოდა.

ეკონომიკის სამინისტროს ბრძანების თანახმად, პროექტს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. მისი მიზანია რეგიონში ელექტრომომარაგების გაზრდა და ერთიანი ენერგოსისტემის მდგრადობის გაუმჯობესება. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პროექტი დასკვნით ეტაპზეა.

მინისტრის ბრძანება საკუთრების ჩამორთმევის საბოლოო გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს. დოკუმენტით სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა შესაძლებლობა, სასამართლოს მიმართოს და ექსპროპრიაციის უფლების მოპოვება მოითხოვოს.

ბრძანებაში მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, თუმცა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.

სამინისტრო ასევე ეყრდნობა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონს, რომლის მიხედვითაც ექსპროპრიაცია შესაძლებელია, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისთვის.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მიმართოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები