მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მკაცრი რეაგირება ექნება - MFA

62147be8ed679
ინგა მურუსიძე
22.02.22 09:58
877
იმედი გვაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ რეაგირებას მისცემს რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყება ეხმაურება კრემლის მიერ უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. ზალკალიანის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მორიგი უხეში დარღვევა, რაც იმეორებს 2008 წელს, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ქმედებებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება:

„საქართველო შეშფოთებით ადევნებს თვალს ბოლო პერიოდში უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაც უაღრესად სერიოზული გამოწვევაა ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისათვის. რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მორიგ უხეშ დარღვევას, რაც ფაქტობრივად იმეორებს 2008 წელს, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, სამხედრო ინტერვენციის, შემდგომ კი ამ რეგიონისა და აფხაზეთის/საქართველო ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების და მათი ოკუპაციის სცენარს.

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ შეფასებას და რეაგირებას მისცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევის მორიგ ფაქტს და აღმოსავლეთ ევროპაში სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის ყოვლად მიუღებელ მცდელობას", - ნათქვამია განცხადებაში.