მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა

5e443fcf9bd5a
თამთა ჯიჯავაძე
12.02.20 22:08
2162
2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, რომელიც სსფ-ის მისიის წევრთა მიერ გაკეთებული მიგნებებს მოიცავს.

როგორც საქართველოში IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა, საქართველოს ეკონომიკის ზრდა კვლავაც მყარია.

„წინასწარი შეფასებების მიხედვით 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის 4.6 პროცენტიან პროგნოზს აღემატება, ხოლო 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე, მშპ-ს 4.4 პროცენტამდე. იმპორტი თითქმის არ გაზრდილა, მაღალი ადგილობრივი მოთხოვნის მიუხედავდ. ექსპორტი, კი, 12 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად დაკრედიტების ზრდის ტემპი შენარჩუნდა, რაც ნაწილობრივ ბანკებისთვის უცხოური ვალუტის სარეზერვო მოთხოვნების შემცირებით იყო განპირობებული. შემოსავლების ზრდამ შესაძლებლი გახადა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა რეკორდულ მაჩვენებლამდე (მშპ-ს 8 პროცენტამდე) ისე, რომ ფისკალური დეფიციტი არ გაზრდილა და მშპ-ს 2.1 პროცენტი შეადგინა. ინფლაცია 2019 წლის ბოლოს 7 პროცენტი იყო, შემდეგ იკლო და იანვარში 6.4 პროცენტი შეადგინა წინა წელთან შედარებით.

საქართველოს ეკონომიკის 2020 წლის ზრდის პერსპეტივა სტაბილურია და ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტს შეადგენს; რისკები დაბალანსებულია 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი აქტივობის გამო. ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (წლიურ 3 პროცენტს) 2020 წლის ბოლოს მიუახლოვდება, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო, ასევე ერთჯერადი ფაქტორების გავლენის მილევასთან ერთად. გაურკვეველი საერთაშორისო პერსპექტივა მოითხოვს გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებას, რეზერვების დაგროვებას, და გონივრული მაკრო პოლიტიკის გაგრძელებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდი მიესალმება ხელისუფლების განზრახვას შეინარჩუნოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ვიდრე ეს საჭირო იქნება და ასევე განახორციელოს პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა“, - განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.

IMF-ის მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით საქართველოში 5-11 თებერვალს იმყოფებოდა მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და სტრუქტურული რეფორმების პროგრესის შეფასება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები