მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შემცირდება"- რას ამბობს IMF-ის პროგნოზი კობახიძის დაპირებაზე?

ირაკლი კობახიძე

"ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც 1-ელ თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოფიციალურად უნდა გახდეს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ირაკლი კობახიძემ საქართველოს შემდგომი განვითარების და ეკონომიკური თვალსაზრისით ევროკავშირთან დაახლოების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებას შესწევს უნარი, შეამციროს ჩამორჩენა ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან მიმართებით.

საკუთარი არგუმენტაციისთვის ირაკლი კობახიძე მსყიდველობითი პარიტეტით გათანაბრებულ PPP დოლარებში გაკეთებულ პროგნოზებზე საუბრობს.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გერმანიასა და შვედეთში ხალხი დღეს საქართველოზე 3-ჯერ უკეთესად, ხოლო საფრანგეთში - დაახლოებით 2,5-ჯერ უკეთესად ცხოვრობს. საქართველოზე 60%-ით უკეთესად ცხოვრობენ რუსეთში, ხოლო 50%-ით უკეთესად - ბულგარეთში. საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები - ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა, აგრეთვე აზერბაიჯანი და სომხეთი”, - წერს ირაკლი კობახიძე.

რა სხვაობაა ერთ მოსახლეზე მშპ-ის დათვლის მეთოდოლოგიებს შორის:

2023 წლის მდგომარეობით, საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში $8,165 დოლარი იყო, ხოლო EU-ის ყველაზე ღარიბი ქვეყნის ბულგარეთის მშპ ერთ მოსახლეზე $16,087 დოლარია. შესაბამისად, საქართველო ევროკავშირის უღარიბეს ქვეყანას ზუსტად ორჯერ ჩამორჩება. უნგრეთთან (მშპ ერთ მოსახლეზე $21,076 დოლარი) საქართველო 2.65-ჯერაა ჩამორჩენილი, ხოლო პოლონეთთან (მშპ ერთ მოსახლესთან $22,393 დოლარი) ჩამორჩენა 2.74-ია არის. გაცილებით უფრო დიდია ჩამორჩენა გერმანიასთან, რომლის მშპ მიმდინარე ფასებში $52,824 დოლარია, ეს საქართველოს მაჩვენებელს 6.5-ჯერ აღემატება.

თუმცა შედარებით განსხვავებული სურათია, თუკი შედარებას არა ნომინალური მშპ-ის მაჩვენებლებით, არამედ მსყიდველობითი პარიტეტით გათანაბრებული PPP დოლარებით გავაკეთებთ. ამ შემთხვევაში სურათი საქართველოს სასარგებლოდ შეიცვლება. 2023 წლისთვის PPP დოლარებში გაზომილი საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 22,357 PPP დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც ნომინალურად მშპ მიმდინარე ფასებში $8,165 დოლარი იყო. ეს დათვლა მიღებულია საქართველოს ეკონომიკის მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, შესაბამისად, სავალუტო ფონდის ანალიზით ერთი დოლარის რეალური მსყიდველუნარიანობა საქართველოს ბაზარზე 2.80 დოლარია, ამიტომაც მსყიდველუნარიანობის პარიტეტით გათანაბრებისთვის საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 2.80-ზე მრავლდება.

PPP დოლარის ადგილობრივი ღირებულება გამოითვლება მსყიდველობითი კალათის მიხედვით. უმეტესად, განვითარებად ქვეყნებში ერთი დოლარის მსყიდველუნარიანობა და ამ ქვეყნების PPP დოლარის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების PPP დოლარის მაჩვენებლები. შესაბამისად, რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მისი ეკონომიკის PPP კოეფიციენტი უფრო დაბალია. მაგალითად, გერმანიაში PPP კოეფიციენტი არის 1.21, ხოლო საფრანგეთში 1.26. უფრო მაღალია PPP კოეფიციენტი პოლონეთში და ის 2.03-ია, ხოლო ბულგარეთში 2.10-ია.

PPP დოლარებში 2023 წლის მდგომარეობით ასეთი ვითარება იყო:

  • საქართველო - 22,357 PPP დოლარი;
  • ბულგარეთი - 33,780 PPP დოლარი (საქართველოზე 1.51-ჯერ მეტი, ნაცვლად 2-ჯერ მეტობისა, რაც მიმდინარე ფასებშია);
  • პოლონეთი - 45,538 PPP დოლარი (საქართველოზე 2.03-ჯერ მეტი, ნაცვლად 2.74-ჯერ მეტობისა, რაც მიმდინარე ფასებშია);
  • გერმანია - 66,038 PPP დოლარი (საქართველოზე 2.95-ჯერ მეტი, ნაცვლად 6.5-ისა, რაც მიმდინარე ფასებშია).

რამდენად დაუახლოვდება საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე ევროპის მაჩვენებელს მომდევნო წლებში როგორც ნომინალურ გამოსახულებაში, ასევე PPP დოლარებში:

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, რაც მომდევნო წლებში 5%-იანი ეკონომიკური ზრდის დაშვებას ეფუძნება, 2028 წელს საქართველოს ნომინალური მშპ ერთ მოსახლეზე 11,814 დოლარს მიაღწევს. PPP დოლარებში კი საქართველოს მაჩვენებელი უფრო მასშტაბური - 32,094 PPP დოლარი გახდება.

ავიღოთ ეს ორი რიცხვი - $11,814 დოლარი და 32,094 PPP დოლარი და ის შევადაროთ 2028 წლისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსალოდნელ მაჩვენებლებს:

  • სხვაობა ბულგარეთთან - 2028 წელს მიმდინარე ფასებში მიმდინარე ფასებში მშპ იქნება $21 863, რაც საქართველოს მაჩვენებელზე 1.85-ჯერ მეტია. PPP დოლარებში იქნება 44 419, რაც საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.38-ჯერ მეტია;
  • სხვაობა პოლონეთთან - 2028 წელს მიმდინარე ფასებში მიმდინარე ფასებში მშპ იქნება $28 655, რაც საქართველოს მაჩვენებელზე 2.42-ჯერ მეტია. PPP დოლარებში იქნება 44 419, რაც საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.83-ჯერ მეტია;
  • სხვაობა საფრანგეთთან - 2028 წელს მიმდინარე ფასებში მიმდინარე ფასებში მშპ იქნება $54 445, რაც საქართველოს მაჩვენებელზე 4.6-ჯერ მეტია. PPP დოლარებში იქნება 69 054, რაც საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.15-ჯერ მეტია;
  • სხვაობა გერმანიასთან - 2028 წელს მიმდინარე ფასებში მიმდინარე ფასებში მშპ იქნება $65 212, რაც საქართველოს მაჩვენებელზე 5.51-ჯერ მეტია. PPP დოლარებში იქნება 69 054, რაც საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.43-ჯერ მეტია.

შესაბამისად, თუკი ერთი გაზომვით 2028 წელს გერმანიასთან მშპ ერთ მოსახლეზე ინდიკატორში ჩამორჩენა არის 5.51-ჯერადი, მეორე წესით დათვლილი მშპ ერთ მოსახლეზე მაჩვენებლით გერმანიის მშპ ერთ მოსახლეზე საქართველოსთან შედარებით მხოლოდ 2.43-ჯერ მეტი იქნება.

შესაბამისად, მშპ-ის მაჩვენებლებში არსებული სხვაობის შემცირების მიზნით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე სწორედ PPP დოლარებში გაზომილი ეკონომიკური პარამეტრების შესახებ საუბრობს და არა - მიმდინარე ფასებში გაზომილი მაჩვენებლების შესახებ.

უფრო ვრცლად PPP დოლარებში გაზომვის თავისებურებების შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.

gdp growth
Infogram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები