მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: 2020 წელს საქართველოს ბიუჯეტი 16.2 მილიარდ ლარამდე იზრდება

5eb27d1e096a7
შოთა ტყეშელაშვილი
06.05.20 13:02
3568
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გამოაქვეყნა საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პარამეტრები. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს სახელმწიფოს ხარჯების მოცულობა 16.26 მილიარდი ლარი იქნება. ეს არსებულ ბიუჯეტთან შედარებით 1.8 მილიარდი ლარით მეტია.

IMF-ის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის პირვანდელ გეგმასთან შედარებით 1.45 მილიარდი ლარით ნაკლები საგადასახადო შემოსავლის მიღებას ელოდება. ჯამურად, გადასახადების პროგნოზი ამჟამად 10.7 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან დღგ-ის პროგნოზი - 4.8 მილიარდი ლარი, აქციზი კი - 1.4 მილიარდი ლარი იქნება. საშემოსავლო გადასახადიდან კი სახელმწიფო წელს 4 მილიარდი ლარის შემოსავლის მიღებას გეგმავს. ჯამურად, ყველა სახის შემოსავლებიდან (ვალის გარდა) სახელმწიფო წელს 12.14 მილიარდი ლარის შემოსავალს ელის.

ვალის მიმართულებით კი, წელს მთავრობა 4.1 მილიარდი ლარის ახალი ვალის აღებას გეგმავს. სწორედ ვალით უნდა დაფინანსდეს საგადასახადო შემოსავლებში არსებული დანაკლისი.

რაც შეეხება ხარჯების მიმართულებას, მნიშვნელოვნად იზრდება სოციალური გასაცემლების ოდენობა და ის 5.9 მილიარდ ლარზე იქნება დაგეგმილი, სახელმწიფო სუბსიდიების ზომა კი - 1.5 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული.

ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი ჯერ არ წარუდგენია, თუმცა, სავარაუდოდ, განახლებული ბიუჯეტის პარამეტრები IMF-ის მიერ დღეს წარდგენილ დოკუმენტთან იქნება ძირითად თანხვედრაში.