მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს

62dff91a03ffd
გიორგი თოლორდავა
26.07.22 18:56
828
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და ეკონომიკურ პერსპექტივას „პირქუში და გაურკვეველი“ უწოდა.

IMF-ის უახლესი პროგნოზით, 2022 წელს გლობალური ეკონომიკის 3.2%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, 2023 წელს კი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 2.9%-მდე შემცირდება. აპრილში გამოქვეყნებულ მაჩვენებლებთან შედარებით 2022 წლის პროგნოზი 0.4 პროცენტული პუნქტით, 2023 წლის კი 0.7 პპ-ითაა გაუარესებული.

პროგნოზის გაუარესების ძირითად მიზეზად სავალუტო ფონდი კოვიდპანდემიას, რუსეთ-უკრაინის ომს, გლობალური მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუარესებას და მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დონის ზრდას ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა მსოფლიო ბანკმაც; WB-ის პროგნოზით, 2022 წელს გლობალური მშპ მხოლოდ 2.9%-ით გაიზრდება.

რაც შეეხება ფასების ზრდის დონეს, 2022 წელს განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის 6.6%-იანი მაჩვენებელია პროგნოზირებული, ხოლო განვითარებად ეკონომიკებში - 9.5%-იანი.

IMF-ის შეფასებით, გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკები მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების სტრატეგიას მიმართავენ, რომელსაც, თავის მხრივ, ნეგატიური გავლენა ექნება მშპ-ის ზრდის ტემპზე, თუმცა აღნიშნული ქმედება აუცილებელია, რათა ინფლაცია კონტროლს არ გასცდეს.

"გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას აუცილებლად ექნება ნეგატიური გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ქმედების დაგვიანება კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს არსებულ პრობლემებს“, - წერია ანგარიშში.