მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის დირექტორის მოადგილე: სებ-მა რეფინანსირების ზრდით სწორი გადაწყვეტილება მიიღო

5df9d0d5ce319
შოთა ტყეშელაშვილი
18.12.19 11:12
1090

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ და საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ ტაო ჟანგმა განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჟანგის თქმით, ეს ცვლილება გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ ადეკვატური ნაბიჯია. 

ამასთანავე, ტაო ჟანგი ამბობს, რომ საქართველომ ნეგატიური შოკების ფონზე შედარებითი სტაბილურობა შეინარჩუნა.

"საქართველოს ეკონომიკამ ნეგატიური შოკების ფონზე მაღალი სტაბილურობა შეინარჩუნა, რასაც ეკონომიკური ზრდის მყარი მაჩვენებელი და მიმდინარე ანგარიშის დაბალი დეფიციტი განაპირობებდა, თუმცა რისკები კვლავ მნიშვნელოვანია, რაც საერთაშორისო ინვესტიციებთან მიმართებით მომატებულ გაურკვევლობას უკავშირდება, ეს კი საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივაზე ნეგატიურად მოქმედებს.

უკანასკნელ პერიოდში არსებული მაღალი ინფლაცია გამოწვეულია, როგორც დროებითი ფაქტორებიდან, ასევე ლარის გაუფასურებიდან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რათა ინფლაციურ წნეხზე ემოქმედა. ამასთანავე, გაცვლითი კურსის მცურავი რეჟიმი ასრულებს ეკონომიკის შოკის შთანთქმის ფუნქციას", - ამბობს ტაო ჟანგი. 

IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ფონდი 2020 წელს ქვეყნისთვის 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებს. ეს 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ზრდის მაჩვენებელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 

IMF-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის 17 დეკემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ პროგრამის გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. აღნიშნულის შედეგად, IMF-ის მხრიდან საქართველოსთვის $41.4 მილიონის მოცულობის თანხები ხდება ხელმისაწვდომი. მთლიანობაში, პროგრამის შედეგად საქართველოსთვის გამოყოფილი მთლიანი თანხის ოდენობა $248.7 მილიონამდე იზრდება.