საერთაშორისო სავალუტო ფონდი 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშით საქართველოში 2021 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა თითქმის ერთთვიანი დაკვირვების შემდეგ IMF-მა საკუთარ შეფასებას გადახედა და ის 4.3%-მდე შეამცირა.
IMF-ის მისიამ საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებები უკვე დაასრულა. ფონდის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოში COVID-19-ის ინფიცირების რიცხვის ზრდა და რეგიონში პოლიტიკური ვითარების გამწვავება არის ფაქტორები, რის გამოც 2021 წელს საქართველოში სავარაუდოდ უფრო დაბალი ზრდა იქნება, ვიდრე ეს აქამდე იყო პროგნოზირებული. ამასთანავე, IMF-ის შეფასებით, ტურიზმის სექტორში კრიზისული ვითარება ერთ წელზე მეტხანს გასტანს და რომ სექტორი 2019 წლის დონეს მხოლოდ 2024-ში დაუბრუნდება.
"2021 წელს, პანდემიის ეფექტის გალევის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა განახლდება და 4.3 პროცენტს მიაღწევს; თუმცა ამ პროგნოზს მნიშვნელოვანი დაღმავალი რისკები ახლავს. ‘მსოფლიოს ეკონომიკის პერსპექტივის (WEO)’ ოქტომბრის ანგარიშში გაჟღერებული 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის (5 პროცენტი) გადახედვა გამოწვეულია იმ გაურკვევლობით, რაც დაკავშირებულია რეგიონში მიმდინარე კონფლიქტთან და საქართველოში ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან. ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელს 2021 წლის ბოლოს მიუახლოვდება. საშუალო ვადაში ეკონომიკის ზრდის პროგნოზი უცვლელია და 5 პროცენტს შეადგენს. ზრდას ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები და მდგრადი სტრუქტურული რეფორმები, რაც, თავის მხრივ, პროდუქტიულობას გაზრდის და კერძო სექტორით განპირობებულ ზრდას შეუწყობს ხელს. მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინით და დონორების მხარდაჭერით საშუალოვადიან პერიოდში რეზერვები ადეკვატურ დონეზე შენარჩუნდება. მოსალოდნელია, რომ ტურიზმის შოკი დიდხანს გასტანს და 2019 წლის დონეს ტურიზმის შემოსავლები მხოლოდ 2024 წელს დაუბრუნდება,"- ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში.
ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტროსა და IMF-ს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად გადაიხედა და 7.6%-მდე გაიზარდა 2021 წლის ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი. აქამდე დეფიციტი 5.1%-ზე იყო დაგეგმილი, შესაბამისად მისი გაზრდა ნიშნავს, რომ მთავრობა მომდევნო წელს იმაზე მეტი ვალის აღებას გეგმავს, ვიდრე ეს ბიუჯეტის პირველად პროექტში იყო განსაზღვრული.
"2021 დეფიციტი, რომელიც მშპ-ს 7.6 პროცენტზეა გათვლილი, ითვალისწინებს ჯანდაცვის მაღალ ხარჯებს და შინამეურნეობებისა და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებებს, რაც მომატებული გაურკვევლობის ფონზე ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღების გამტკიცებას. სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების განზრახვას შეინარჩუნოს ფისკალური მდგრადობა საშუალოვადიან პერიოდში, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს „ფისკალურ წესში“, რომელის მიხედვითაც 2023 წლისთვის ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 3 პროცენტს და სახელმწიფო ვალი მშპ-ს 60 პროცენტს უნდა შეადგენდეს,"- ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
მართალია უშუალოდ IMF-ის განცხადებაში არაა აღნიშნული თუ მშპ-ს რა მაჩვენებელს მიაღწევს 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ტექსტის მიხედვით 2023 წლისთვის ვალის დონე 60% უნდა იყოს, მაღალია ალბათობა რომ 2021-2022 წლებში ვალმა 60%-იან ნიშნულსაც გადააჭარბოს.




























