მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: სებ-მა გონივრული მიდგომით შეინარჩუნა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა

5eb53362bb023
შოთა ტყეშელაშვილი
08.05.20 14:32
690
"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გონივრული მიდგომით შეინარჩუნა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და გაცვლითი კურსის მოქნილობა", - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში, რომელიც გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, IMF-ი ეროვნული ბანკის ნაბიჯებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ინფლაციის მოლოდინების შესაბამისად უნდა წარიმართოს. "მონეტარული პოლიტიკა უნდა დარჩეს მოქნილი და ეფუძნებოდეს ინფლაციის ტენდენციებს. მნიშვნელოვანია გაცვლითი კურსის მოქნილობა, რადგან იგი შოკის მშთანქმელ როლს ასრულებს. თუმცა, ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევები, შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველიც კი იყოს. სწორედ ამიტომ, ადეკვატური ლიკვიდობის დონის უზრუნველყოფა და კაპიტალური ბუფერების გამოთავისუფლება ფინანსური სტაბილურობის გარანტია", - აღნიშნულია ანგარიშში.

საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით კი, IMF აღნიშნავს, რომ სებ-ის მიერ გატარებულა ღონისძიებებმა საფინანსო სისტემის მზაობა შოკის მიმართ მყარი იყო. 

"სწორედ ეროვნული ბანკის მიერ შოკამდე გადადგმული ნაბიჯების გამო, კომერციული ბანკები მყარი ფინანსური მაჩვენებლებით შეხვდნენ COVID-19 - ის პანდემიას. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის მიერ მიღებულმა მაკრო-პრუდენციულმა ზომებმა ხელი შეუწყო არაფინანსური სექტორის მოწყვლადობის შემცირებას, როგორიცაა სესხების დოლარიზაციისა და შინამეურნეობის ჭარბვალიანობის შემცირება".

საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს დოლარიზაციაზე, როგორც ეკონომიკის წამყვან სტრუქტურულ რისკზე და საშუალოვადიან პერიოდში სესხების ლარიზაციის ხელშეწყობაზე მიუთითებს. 

"COVID-19 - ის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს ნაბიჯები დროული, პროაქტიული და სავალუტო ფონდის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იყო", - აცხადებს ფონდი და აღნიშნავს, რომ საქართველოს შედეგები გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის ფარგლებში კარგად ფასდება, თუმცა ამ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და COVID 19 - ის პანდემიამ მყისიერი დაფინანსების საჭიროება შექმნა.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს COVID 19 - ის პანდემიის გამო გამოყოფილი ფინანსური პაკეტიდან პირველი ტრანში 201.3 მლნ აშშ დოლარი უკვე ჩაურიცხა.