მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-სგან განსხვავებით Galt & Taggart მიმდინარე ანგარიშის 6%-იან დეფიციტს ელოდება

5ea1880827af0
შოთა ტყეშელაშვილი
23.04.20 17:00
1172
საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა კრიზისის ფონზე, საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესახებ საკუთარი პროგნოზი განაახლა. ორგანიზაცია ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო პროგნოზს, რომლის მიხედვითაც წელს საქართველოში სავარაუდოდ, რეცესია იქნება და მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა 4%-ით შემცირდება. თუმცა, განსხვავებულია შეფასება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტთან დაკავშირებით. IMF-ი ქვეყანაში წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 10.5%-მდე ზრდას პროგნოზირებს, Galt & Taggart-ის ვარაუდით, კი დეფიციტი ამ მასშტაბებს არ მიაღწევს და ის 6%-ის დონეზე იქნება.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდი წელს საქართველოში მშპ-ის 4%-იან ვარდნას პროგნოზირებს, რასაც ჩვენც ვეთანხმებით. თუმცა ჩვენი მოლოდინი 2021 წელთან დაკავშირებით, IMF-ის 3%-იან პროგნოზთან შედარებით უფრო ოპტიმისტურია და ის 5%-ს შეადგენს. ამასთანავე, ჩვენ სავალუტო ფონდისგან განსხვავებული შეხედულება გვაქვს იმასთან დაკავშირებით თუ რა იქნება წელს საქართველოში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელი. მათი პროგნოზით დეფიციტი 10.5% იქნება, ჩვენ კი 6%-ს ვვარაუდობთ.

ამგვარი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას კი იმპორტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირების მოლოდინი გვაძლევს, რაც ქვეყანაში მოთხოვნის შემცირებით და ნავთობის ფასების ვარდნით იქნება განპირობებული. სწორედ ეს შემცირება დააბალანსებს 2020 წელს იმ სავალუტო დანაკლისს, რომელსაც საქართველოს ტურიზმის სექტორი მიიღებს,”- ნათქვამია ორგანიზაციის მიმოხილვაში.

Galt & Taggart-ის პროგნოზით, შემცირდება ისეთი საქონლის იმპორტი, როგორიცაა ავტომობილები, მობილური ტელეფონები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა საქონელი.

ამასთან, ორგანიზაციის განახლებული პროგნოზით, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება უფრო მცირე მასშტაბის იქნება ვიდრე თავდაპირველი პროგნოზები უჩვენებდნენ ამას. Galt & Taggart-ი წერს, რომ გზავნილების შემცირება დაახლოებით 10% იქნება, რაც მათ მიერ 25 მარტს გაკეთებულ პროგნოზთან (15-20%) შემცირებით თითქმის ორჯერ ნაკლებია.