08.აპრილი .2020 20:00

იმპორტიორი "აგარის შაქრის" ამუშავებაზე: თუ სახელმწიფოსგან სუბსიდიებს მიიღებენ, არ იქნება სწორი

იმპორტიორი
views 1811
უკან

შაქრის იმპორტიორი კომპანია „ალფა“, რომელსაც შაქრის ადგილობრივ ბაზარზე 17-20%-იანი წილი უჭირავს, შაქრის ადგილობრივი წარმოების განვითარების მომხრეა, თუმცა როგორც კომპანიის დირექტორი გურამ ბროძელი bm.ge-ისთან აცხადებს, ეს არ უნდა მოხდეს ისე, როგორც აქამდე ხდებოდა ანუ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებით და ნედლეულის (შაქრის ლერწმის) უცხოეთიდან შემოტანის გზით.

შაქრის ადგილობრივი წარმოების თემა აქტუალური მას შემდე გახდა, როცა რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის მინისტრს აგარის შაქრის კომბინატის ამუშავება დაავალა და თავის მხრივ, ნათია თურნავამაც პირობა დადო, რომ ქარხანა 2 თვეში ამოქმედდება და საქართველოს ბაზრის მოთხვნის 50%-ს დააკმაყოფილებს.

გურამ ბროძელი ამბობს, რომ შაქრის ადგილობრივი წარმოების განვითარებას უფრო დიდი პერიოდი სჭირდება, ვიდრე - 2 თვეა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც, 2019 წლის მარტში "აგარის შაქრის კომბინატი" დაიხურა, კომპანია ისედაც შაქრის იმპორტით და რეალიზაციით იყო დაკავებული. 

"ჩვენ მომხრე ვართ ქართული წარმოების გაძლიერების, მაგრამ თუკი აგარის ქარხანას კვლავ ექნება საშუალება, ლერწამი შემოიტანოს, რაფინირება გაუკეთოს და ცოტა დაბალი ხარისხის შაქარი აწარმოოს, ამის მომხრე ნამდვილად არ ვართ; მოიყვანონ შაქრის ჭარხალი, დაასაქმონ გორის და ქარელის მოსახლეობა და აწარმოონ შაქარი. იმ შემთხვევაში, თუ ისევ შემოიტანენ ლერწამს, თან სუბსიდიებს მიიღებენ სახელმწიფოსგან და ჩვენ კონკურენტუნარიანები აღარ ვიქნებით, ეს არ იქნება სწორი; ჩვენ ვიცით, რომ აგარის შაქრის ქარხანა გარკვეული შეღავათებით სარგებლობდა, მაგრამ მაინც ვერ მიიღეს ის შედეგი... და შედეგს ვერ მიიღებენ თუ ადგილობრივი მოსახლეობა არ დასაქმდება. სჯობს, სოფლის მეურნეობა ავაღორძინოთ და აგარის გარშემო არსებული სავარგულები დაიტვირთოს, მოსახლეობაც დასაქმდება", - განაცხადა ბროძელმა და დასძინა, რომ 2 თვეში აგარის შაქრის კომბინატის ამუშავება ნიშნავს იმას, რომ ეს ისევ იმპორტირებული ნედლეულის ხარჯზე მოხდება.