მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინფრასტრუქტურული მშენებლობის და დაგეგმვის მოუქნელი სისტემა გვაქვს“ - რა არის საჭირო?

64a7cc5932416
ვიქტორია მღებრიშვილი
09.07.23 22:40
616
კომპანია „ბაზალტ ფაიბერსის“ დირექტორის ივერი ქუცნაშვილის შეფასებით, საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და მშენებლობის მოუქნელი სისტემა მუშაობს.

კერძო სექტორის წარმომადგენელი „ბაზალტ ფაიბერსის“ მაგალითზე ამბობს, რომ სახელმწიფო პროექტებში თანამონაწილეობას მათი გაყიდვების მხოლოდ 20% უკავია, როდესაც 80% მაინც უნდა იყოს. ამ საკითხზე ივერი ქუცნაშვილმა BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

„კერძო კომპანიების პროექტებთან ერთად, ჩვენ ასევე ჩართულები ვართ სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებსაც თავისი შეფერხება აქვთ. პანდემიის დროს მოხდა პრიორიტეტების ცვლილება, შემდეგ როგორც ჩანს, მშენებლებსაც სხვადასხვა სახის პრობლემები შეექმნა და ხდება ტენდერების თავიდან გამოცხადება, ასევე არსებობს ტექნიკური სირთულეები, რომლებიც სვანეთში გზის დაგებას ეხება. წესით ჩვენი შესყიდვების 80% სახელმწიფოს შესყიდვებზე უნდა მოდიოდეს, 20% კი კერძო, რეალურად - პირიქითაა.

ეს მდგომარეობა მაშინ შეიცვლება როდესაც სახელმწიფო ეკონომიკური სარგებლიანობის სწორად დათვლას დაიწყებს. ჩვენ ინფრასტრუქტურული მშენებლობის და დაგეგმვის მოუქნელი სისტემა გვაქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ პროცესი ასე ხდება - დიზაინი - ტენდერი - მშენებლობა. დამპროექტებელს პროექტში ახალი მასალების და ტექნოლოგიების შემოტანის ინტერესი არ აქვს. სახელმწიფოს მხრიდან არ არის მოთხოვნა ტექნოლოგიური მიდგომებისა თუ მასალების მხრივ. რეალურად საქართველოში მარშრუტების ალტერნატივების შეფასება ხდება და მანდ სრულდება. იქ მასალების და ტექნოლოგიების შეფასებას არავინ ითხოვს, შესაბამისად როდესაც არ ხდება ალტერნატიული პროექტების, მასალების მოძიება, შედარება, საპროექტო კომპანიას არანაირი მოტივაცია არ აქვს, თავის თავზე აიღოს სამუშაო და დამატებითი ვერსიები შესთავაზოს სახელმწიფოს, ეს მიდგომა არ გვაქვს“, - განმარტავს ივერი ქუცნაშვილი.

კომპანიის ხელმძღვანელს კვლავ „ბაზალტ ფაიბერსის“ შემთხვევაში კონკრეტული მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ მელიორაციის მიმართულებით ისინი პროექტებს სრულად გამოთიშულნი არიან.

„მაგალითისთვის გეტყვით, რომ მელიორაციის პროექტებში ბაზალტის არმატურა ანახევრებს და დაახლოებით 60%-ით ამცირებს ხარჯებს, ჩვენი არმატურა კოროზიას არ განიცდის, გაცილებით მოსახერხებელია, მსუბუქია, ფასით უგებს მშენებლობის პროცესში და ხანმედეგობით უგებს სხვა მასალებს. მელიორაციის პროექტებში წარმოდგენილნი არ ვართ, რადგან სახელმწიფოს მიდგომაა - რატომ უნდა მოვთხოვოთ ვინმეს თქვენი არმატურის პროექტში გათვალისწინება... ეს კორუფციაში ჩაგვეთვლება. ჩვენ ამას არ ვთხოვთ, ჩვენ ვითხოვთ მოითხოვონ ალტერნატიული მასალების დათვლა და შედარება. მაგრამ ეს არ ხდება. მუშაობა 60 წლის წინანდელი მიდგომებით ხდება“, - აღნიშნავს კომპანიის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ კომპანიამ სახელმწიფო მელიორაციის კომპანიისთვის გაკეთებული რეკომენდაციების შემდეგ იმ პროექტებიდანაც ამოაგდეს, რომლებშიც წარმოდგენილი იყო.

„ჩვენ ყველანაირად ვცადეთ. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ სადაც ვმონაწილეობდით, იქიდანაც ამოიღეს ჩვენი პროდუქტი, რადგან ვუთხარით, რომ სახელმწიფო სახსრებს არ უფრთხილდებოდნენ. როგორც ჩანს კომპანიაში მაშინდელ ხელმძღვანელობას ეწყინა“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები