მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციაზე ბიუჯეტის ზეწოლა მკაცრი მონეტარული პოლიტიკით განეიტრალდება - სებ-ი ბიუჯეტის პროექტზე

618e3fc610ba9
შოთა ტყეშელაშვილი
12.11.21 15:46
676
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის შესახებ სებ-ის დასკვნა წარადგინა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მომდევნო წელს ბიუჯეტის დეფიციტი 4.4% იქნება. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ სწრაფ ფისკალურ კონსოლიდაციას ინფლაციაზე დადებითი გავლენა ექნება, თუმცა ამასთან სებ-ი მიიჩნევს, რომ ის ნეგატიური ეფექტი, რაც მთლიანად ბიუჯეტს შეიძლება 2022 წელს ინფლაციაზე ჰქონდეს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკით განეიტრალდება.

ეროვნული ბანკის დასკვნა 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიასთან დაკავშირებით:

"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განიხილა საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ 2021 წლის 5 ნოემბრის №10976/2-3/21 (N07-2/78; 05.11.2021) წერილით წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი და მასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ეროვნული ბანკის მოსაზრებებს.
კანონპროექტის მიხედვით, პირველ წარდგენასთან შედარებით, უცვლელია 2022 წლის როგორც სახელმწიფო, ასევე ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის ფარდობა 2022 წლის საპროგნოზო მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობასთან. 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს საპროგნოზო ოდენობის 4.4 პროცენტს შეადგენს.

როგორც 2022 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტის დასკვნაშიც აღინიშნა, ბოლო პერიოდში ეკონომიკური აქტივობა უფრო მაღალი ტემპით იზრდება, ვიდრე ეს წინა პროგნოზების მიხედვით იყო მოსალოდნელი, რაც დაგროვებული მოთხოვნის არხით ინფლაციაზე წნეხს ქმნის. ვინაიდან პანდემია ჯერ არ დასრულებულა და გაურკვევლობის მაღალი ხარისხი კვლავ ნარჩუნდება, დაგეგმილზე უფრო სწრაფი ფისკალური კონსოლიდაცია როგორც მიმდინარე, ასევე შემდგომ წლებში, ინფლაციური წნეხის შერბილებას შეუწყობს ხელს. 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით, ინფლაციაზე ბიუჯეტის პროექტით გამოწვეული პოტენციური დამატებითი ზეწოლის განეიტრალება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნებით ან, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი გამკაცრებით იქნება შესაძლებელი.

ეროვნულ ბანკს წარმოდგენილი დოკუმენტის მიმართ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შენიშვნები არ აქვს,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის დასკვნაში.