მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციის ინდექსის ჩანაცვლება არ იგეგმება - საქსტატი ახალი ინდექსის შემოღებაზე განმარტებას აკეთებს

6204e8c4e5a50
შოთა ტყეშელაშვილი
10.02.22 16:40
856
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალი ინდიკატორის - სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის (Harmonised Index of Consumer Prices – HICP) გამოქვეყნებას იწყებს. ამ მეთოდოლოგიის თანახმად, იანვარში ინფლაციამ 12.7% შეადგინა, რაც ეროვნული მეთოდოლოგიით გაანგარიშებულ 13.9%-იან ინფლაციაზე 1.2 პროცენტული პუნქტით დაბალია.

ახალ მეთოდოლოგიაზე გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში განმარტება გააკეთა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, რომელმაც თქვა, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსის - ანუ ინფლაციის ინდექსის ახალი “ჰარმონიზებული” ინდექსით ჩანაცვლება არ იგეგმება. მან ასევე განმარტა, რა განსხვავებებია ამ ინდექსებს შორის. თოდრაძის თქმით, თუკი სამომხმარებლო ფასების ინდექსში კონკრეტული სამომხმარებლო ჯგუფების (სურსათი; ტრანსპორტი და ასე შემდეგ) წონები დგინდება მხოლოდ საქართველოს რეზიდენტების დანახრაჯების გამოკვლევით, ჰარმონიზებული ინდექსი ამ წონებს ადგენს როგორც რეზიდენტების, ასევე არარეზიდენტების (ტურისტების) მიერ ქვეყანაში განხორციელებული დანახარჯებიდან.

“ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად დეტალიზებული დამატებითი ინდიკატორების შექმნა. ამ ინდიკატორის დანერგვაზე უკვე წელიწადნახევარია ვმუშაობთ ევროკავშირის Twinning-ის ფარგლებში.

ეს არის საერთაშორისო სტანდარტის ინდექსი და გამოიყენება მეტწილად ევროკავშირის ქვეყნების მიერ. ინფლაციის ანუ სამომმხმარებლო ფასების ინდექსის ჩანაცვლება ამით არ იგეგმება. ეს არის დამატებითი ინდიკატორი, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო შესადარისობას.

სამომხმარებლო კალათა ორივე ინდექსში არის იდენტური, თუმცა განსხვავებულია წონები სხვადასხვა საქონლის. კერძოდ, სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ რეზიდენტების მიერ გაწეული ხარჯები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ.

ხოლო ახალი ჰარმონიზებული ინდექსი კი ითვალისწინებს როგორც რეზიდენტების ასევე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის შიგნით. ამ შემთხვევაში ყურადღება მახვილდება ტურისტების სამომხმარებლო ხარჯებზეც.

მისი დანერგვა გახლავთ ევროსტატის რეკომენდაციაც და IMF-ის რეკომენდაციაც,”- ამბობს საქსტატის დირექტორი გოგიტა თოდრაძე.

ცალკეული კომპონენტების მიხედვით, HICP მეთოდოლოგიით დათვლილი იანვრის 12.7%-იანი ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 15,2%
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 6,0%
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - -1,4%
საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 41,6%
ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება - 11,8%
ჯანმრთელობის დაცვა - 6,9%
ტრანსპორტი - 13,4%
კავშირგაბმულობა - -0,6%
დასვენება, გართობა და კულტურა - 1,1%
განათლება - 3,9%
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 15,7%
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 5,8%