მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი გლობალური გამოწვევაა - სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი

60e2bbbea4cfb
ინგა მურუსიძე
05.07.21 12:00
849
ინფლაცია 9%-ზეა და ეს ალბათ ეროვნული ბანკის ბრალია. რა რჩევას მისცემდით სებ-ის ხელმძღვანელობას? - ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს ეკატერინე მიქაბაძეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.


„საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე გვიწევს ყოფნა მთელ ქვეყანას და მათ შორის ეროვნულ ბანკსაც. პლიუს მონეტარული პოლიტიკის და სხვა ფუნქციების შესრულება. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი არის გლობალური გამოწვევა ამ ეტაპზე. მოგეხსენებათ, მაღალი ინფლაციური ფონია კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის შედეგად. ეროვნულმა ბანკმა ადეკვატური ნაბიჯები გადადგა პანდემიის ფონზე.

ძალიან მნიშვნელოვანი გაუფასურების წინაშე დადგა ქვეყანა და ეს არის პერიოდი, როცა მნიშვნელოვანი ზეწოლა იყო ინფლაციაზე, არა მხოლოდ მიწოდების მხრიდან, არამედ ბევრი სხვა მიმართულებიდან. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა იმ ვითარებაში, რომელშიც თითოეული კომიტეტს წინ გადაწყვეტილების მიღება უწევდა, ადეკვატური იყო. დღეს ძალიან მაღალია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდა, გაცვლითი კურსის წინა გაუფასურებიდან მომავალი ინფლაციური წნეხი მაღალი იყო. ამ ფაქტორების მილევის შედეგად ვფიქრობ, რომ ინფლაციის არსებული მაღალი მაჩვენებელი ტარგეტულ მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემცირდება“, - განაცხადა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტური წევრის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუასდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის კანდიდატურა წარადგინა. 

აღსანიშნავია, რომ  სებ-ის საბჭოში უკვე ორ წელზე მეტია, რაც ორი ვაკანტური ადგილია. კანონის თანახმად საბჭო 9 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, თუმცა ამჟამად მასში მხოლოდ 5 წევრია, მათგან 3-ს კი ამავდროულად აღმასრულებელი პოსტი უკავია.