გთავაზობთ გასული კვირის (4-10 მარტის) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში:
საქართველოს მთავრობის ხელფასები დაჩქარებული წესით გაიზარდა
პარლამენტმა უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდის კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში ორშაბათს დარეგისტრირდა და ხუთშაბათს უკვე სამი მოსმენით იქნა მიღებული.კანონპროექტი პრეზიდენტისთვის, პრემიერისთვის, მინისტრებისა და მათი მოადგილეებისთვის ანაზღაურების განსაზღვრის ახალ ფორმულას ადგენს, რომლის მიღების შემთხვევაშიც თანამდებობის პირთა ხელფასები 2025 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ცვლილება ძალაში 2025 წლიდან უნდა შევიდეს და ის თანამდებობის პირებისთვის შემდეგ სახელფასო ცვლილებებს ითვალისწინებს:
თანამდებობის პირი |
კოეფიციენტი |
ხელფასი წელიწადში |
ზრდა არსებულთან შედარებით |
პრეზიდენტი | 10 | 159,600 ლარი; | ზრდა 75,380 ლარი; |
პრემიერ-მინისტრი | 10 | 159,600 ლარი; | ზრდა 118,600 ლარი; |
მინისტრი | 8.5 | 135,660 ლარი; | ზრდა 54,680-დან 69,660 ლარამდე |
პირველი მოადგილე | 7.5 | 119,700 ლარი; | ზრდა 36,700 ლარი |
მინისტრის მოადგილე | 7.25 | 115,710 ლარი. | ზრდა 49,710 ლარი |
თებერვალში სავალუტო რეზერვები 107 მლნ დოლარით შემცირდა
2024 წლის თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვები 107 მილიონი დოლარით, 4.74 მილიარდ დოლარამდე შემცირდა - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. სებ-ის სტატისტიკით, სავალუტო რეზერვები 156 მილიონი დოლარით შემცირდა 2024 წლის იანვარშიც, შესაბამისად, ბოლო ორ თვეში კლება 263 მილიონი დოლარია, ხოლო სამთვიან ჭრილში კლება 375 მილიონ დოლარს შეადგენს.
შედეგად არსებული მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები ქვეყნის 2024 წლის მოსალოდნელი მშპ-ის 15%-ია. საქართველოს სავალუტო რეზერვების შემცირება, შესაძლოა, განპირობებული ყოფილიყო საგარეო ვალების მომსახურებით, რომლის დაფარვაც აღნიშნული ანგარიშიდან ხორციელდება.
თებერვალში საქართველოში 0.3%-იანი ინფლაცია იყო
2024 წლის თებერვალში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში - სურსათში ფასები წლიურ ჭრილში ზრდის ნაცვლად 3.5%-ით არის შემცირებული, რაც დაბალი ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა.
ტურიზმის 2024 წლის პროგნოზი - 4.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი:
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ საუბრობენ. უწყების მიმდინარე ტურისტული წლის მოლოდინები ასეთია: მგზავრთნაკადი - 6.8 მლნ; შემოსავლები ტურიზმიდან - 4.5 მლრდ აშშ დოლარი; საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი - 7.9 მლნ; საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი - 5.2 მლნ.
თბილისის მერია მეტროს ვაგონების შესასყიდად €205-მილიონიან ტენდერს გამოაცხადებს
თბილისის მერია მეტროს მოძრავი შემადგენლობის სრულ განახლებას გეგმავს - მთავრობის გადაწყვეტილებით მერიას უფლება მიეცა განახორციელოს 205 მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი, რომლითაც 97 ვაგონის შესყიდვა მოხდება. 205 მილიონი ევრო მიმდინარე გაცვლითი კურსით 591 მილიონ ლარს უდრის, შესაბამისად ერთი ვაგონის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონი ლარი (2.11 მლნ ევრო) იქნება.
თბილისის მერიის პრესსამსახურში BMG-ის განუცხადეს, რომ პროექტზე მარტში ბაზრის კვლევა ჩატარდება, აპრილში კი ტენდერი გამოცხადდება, მატარებლების მოწოდების ვადად 7 წელი განისაზღვრება.
იქნება თუ არა თელავის აეროპორტი საერთაშორისო აეროპორტის სტატუსის მქონე
თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Geogia-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოში ავიაციის სექტორში დიდი გამოცდილების და ცოდნის მქონე კომპანია მზადაა თელავის აეროპორტის განვითარების საკითხში სახელმწიფოს გვერდში დაუდგეს.
თეა ზაქარაძე განმარტავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამართვის დროსაც TAV Georgia-ს როლი დიდია, დღეს კი თელავის აეროპორტის შემთხვევაში სახელმწიფოს გვერდით დგომა ფრანგული ADP ჯგუფის გვერდით დგომას ნიშნავს. სავარაუდოდ ეს ნიშნავს, რომ TAV-ი დათანხმდება აეროპორტს საერთაშორისო სტატუსი ჰქონდეს.
იანვარში საგარეო ვალი 150 მილიონი დოლარით შემცირდა
2024 წლის იანვრის მდგომარეობით სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი 8.75 მილიარდი დოლარია, რაც დეკემბრის ვალთან შედარებით 150 მილიონი დოლარით ნაკლებია, ხოლო ერთწლიან ჭრილში სამთავრობო სექტორის ვალი 320 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის 62% სამ უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტზე მოდის, რომლებიც საქართველოს მთავრობას გრძელვადიან კრედიტებს აწვდიან და ქვეყნის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას აფინანსებენ. ესენია აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი. კრედიტორთა შორის #1 ადგილს სწორედ აზიის განვითარების ბანკი (ADB) იკავებს, რომლის მიმართაც საქართველოს ჯამურად 2.2 მილიარდი დოლარის ვალი აქვს აღებული.
10-წლიანი მორატორიუმი სრულდება - მცხეთის საკრებულომ გენგეგმის კონცეფცია დაამტკიცა
29 თებერვალს მცხეთის საკრებულომ გენგეგმის კონცეფციის პირველი ეტაპი დაასრულა - ამის შესახებ bm.ge-ის მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მუნიციპალიტეტს ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია.
სახელმწიფო საწარმოები ადგილობრივ ბაზარზე ლარის ობლიგაციებს გამოუშვებენ - ფინანსთა სამინისტროს გეგმა
ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფო საწარმოები, რომელთაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვთ, ადგილობრივ ბაზარზე ლარის ობლიგაციებს გამოუშვებენ.როგორც BMG-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა განუცხადა, სახელმწიფო კომპანიების კაპიტალის ბაზარზე გასვლის მიზანი მათთვის სავალუტო რისკების შემცირება და დადებითი ფინანსური მაჩვენებლების შენარჩუნებაა.
ამასთან, მისი თქმით, პარალელურად კვლავ გრძელდება სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. მათ შორის მსხვილ კომპანიებში სამეთვალყურეო საბჭოების ჩამოყალიბების და კორპორატიზაციის პროცესი.
BMG-ის წარმომადგენლობა სომხეთშიც ამოქმედდა
“ბიზნესმედია საქართველო” (BMG) საერთაშორისო წარმომადგენლობას აფართოებს. აშშ-ის და აზერბაიჯანის შემდეგ, BMG-მ ბიურო სომხეთშიც გახსნა. რამდენიმეკვირიანი სატესტო რეჟიმში მუშაობის შემდეგ, წარმომადგენლობა სრულფასოვნად ამოქმედდა.
ერევნის ბიუროს არშალუის მღდესიანი ხელმძღვანელობს, რომელსაც, როგორც სომხურ, ასევე, საერთაშორისოს მედიაში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. არშალუის მღდესიანი (mgdesyan@bm.ge) BMG-ის მკითხველებს ადგილობრივ და რეგიონის ამბებს ინგლისურ და რუსულ ენაზე აწვდის.