საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში სავარაუდოდ ფასებისა და ხელფასების სპირალი არ შეინიშნება. ამასთან, ეროვნული ბანკის დაკვირვებით, ქვეყანაში ხელფასების ზრდის ტალღას ამჟამად კომერციული ორგანიზაციები საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე აფინანსებენ. ამის შესახებ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში არის ნათქვამი.
ქვეყანაში ხელფასების მატების ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი პანდემიური პერიოდის მაღალი ინფლაციური პერიოდიდან მოყოლებულია. მაგალითად, 2020 წელს საშუალო ხელფასი 1,191 ლარი იყო, 2021-ში 1,304 ლარამდე გაიზარდა, 2022-ში 1,592 ლარამდე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი საშუალო ხელფასი 1,716 ლარამდე გაიზარდა. მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, ხელფასების ზრდაზე გავლენა მაღალ ინფლაციასთან ერთად კვალიფიციური მუშახელის დეფიციტმაც განაპირობა. ამასთან, სებ-ის თანახმად, პანდემიის პირველ წლებში ქვეყანაში ინფლაციის მატება კომპანიების მოგების ზრდასთან იყო დაკავშირებული.
მოგებისა და ხელფასების წვლილი ინფლაციაში - ეროვნული ბანკის შეფასება:
“ერთმანეთის მიმყოლმა ეკონომიკურმა შოკებმა, მიწოდების ჯაჭვების პანდემიითა და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულმა რღვევამ, გლობალურად მაღალინფლაციური წნეხი წარმოქმნა. ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და მას რიგ ქვეყნებში კლებადი ტენდენცია აქვს, თუმცა გლობალურად ის ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. აქედან გამომდინარე, საყურადღებოა ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორებისა და გამომწვევი მიზეზების დეტალური შესწავლა. ამ მიზნით, სხვა ინდიკატორებთან ერთად, შეგვიძლია დავაკვირდეთ კომპანიების მოგებისა და შრომის ანაზღაურების წვლილებს ინფლაციის დინამიკაში. ინფლაციის გამომწვევ მიზეზთა განხილვისას, პოლიტიკის გამტარებლები უფრო და უფრო ხშირად ამახვილებენ ყურადღებას კომპანიათა მოგებასა და ხელფასების დინამიკაზე. აღნიშნული დეკომპოზიცია კი პირდაპირ მომდინარეობს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დეფლატორის განმარტებიდან, რომელიც ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ფასების საზომია. თავის მხრივ, მშპ დეფლატორის ინფლაციასა და სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) ინფლაციას შორის კავშირი საკმაოდ ძლიერია.
ზოგადად, ერთობლივი მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, ფასების დონის მატებასთან ერთად იზრდება ბაზარზე მოქმედ კომპანიათა შემოსავლებიც. თუმცა შემდეგ, ინფლაციური წნეხის პირობებში, დასაქმებულებსაც უჩნდებათ სტიმული, უფრო მაღალი ანაზღაურება მოითხოვონ, ეს კი მათი ხელფასების ზრდას იწვევს. ამ დროს სიტუაცია შემდეგი ორიდან ერთ-ერთი მიმართულებით შეიძლება, განვითარდეს:
1. რადგანაც მაღალი ხელფასის გამო კომპანიებისთვის იმატებს შრომის ერთეულზე ნომინალური დანახარჯიც, ისინი დამატებით ზრდიან ფასებს, რათა მოგების თავდაპირველად გაზრდილი მარჟა კვლავ მაღალ დონეზე შეინარჩუნონ. სწორედ ესაა ხელფასი-ფასის სპირალი. ასეთი სცენარის შემთხვევაში მივიღებთ შემდეგ სურათს: საბოლოოდ, მაღალი ინფლაციის მამოძრავებელი ერთდროულადაა კომპანიების სწრაფად მზარდი ნომინალური მოგება და ასევე სწრაფად მზარდი ნომინალური ხელფასები.
2. კომპანიები ხელფასების ზრდის მოთხოვნას აკმაყოფილებენ მათი მოგების ზრდის შენელების ხარჯზე. ასეთი სცენარის შემთხვევაში მივიღებთ სურათს, რომ ინფლაცია, რომელიც თავდაპირველად კომპანიების მოგების ზრდით იყო გამოწვეული, კვლავ შემცირდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელფასების ზრდა, გარდამავალ პერიოდში, მაღალი იქნება.
ამ ჩანართში წარმოდგენილი ანალიზი გარკვეულ სურათს ქმნის, თუ რომელი სცენარია უფრო მოსალოდნელი საქართველოს შემთხვევაში, ბოლო პერიოდის მონაცემებიდან გამომდინარე. როგორც მშპ დეფლატორის დეკომპოზიციის ანალიზი გვიჩვენებს, პანდემიის პერიოდში საქართველოში ფასების საერთო დონის მნიშვნელოვანი მატება მართლაც კომპანიათა მოგების მატებას უკავშირდებოდა. პანდემიის დაწყებისას დაწესებულმა შეზღუდვებმა და მიწოდების ჯაჭვებში წარმოქმნილმა შეფერხებებმა ბაზარზე ზოგიერთი პროდუქციის დეფიციტი განაპირობა, რამაც მწარმოებლებს ფასების ზრდისკენ უბიძგა. მოგვიანებით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ამას თან დაერთო აკუმულირებული მოთხოვნის გამოთავისუფლება. მიწოდების ჯერ ისევ შესუსტებული ჯაჭვების პირობებში, ამ მოთხოვნამ დამატებითი ბიძგი მისცა მწარმოებლებს, ფასები (და შესაბამისად, მოგებაც) კიდევ უფრო გაეზარდათ. მოთხოვნაზე ასეთივე ეფექტი ჰქონდა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მიგრაციული ნაკადების წარმოშობასაც. მთლიანობაში, ეს ფაქტორები ხსნის, თუ რამ გამოიწვია მიმწოდებელთა მხრიდან ფასების ზრდა, რასაც მათი მოგების მატებაც მოჰყვა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, კომპანიების მიერ მოგების ზრდის შემდეგ, გაზრდილი ფასებისა და მომატებული ინფლაციური წნეხის ფონზე, დასაქმებულებმა უფრო მაღალი ხელფასები მოითხოვეს. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შრომის ბაზრის სიმჭიდროვემაც. შედეგად, კვალიფიკაციური კადრების შესანარჩუნებლად ან მოსაზიდად კომპანიებს დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდა მოუხდათ. თუმცა, მთავარი კითხვაა: ზემოთ აღწერილი ორი გზიდან რომლით დააკმაყოფილებენ კომპანიები ხელფასების ზრდის წნეხს. როგორც დიაგრამა გვიჩვენებს, ბოლო პერიოდში კომპანიებმა ხელფასების ზრდის წნეხი დააკმაყოფილეს მათი მოგების ზრდის ტემპის შემცირებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ, დიდი ალბათობით, საქართველოში ხელფასი-ფასის სპირალის განვითარებას ადგილი არ აქვს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკი ინარჩუნებს ფრთხილ პოლიტიკას და მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან მხოლოდ ნელი ტემპებით გამოდის, რათა მაღალინფლაციური გარემოს ხელახლა დადგომის რისკი მინიმუმამდე შეამციროს,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.