მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე მიუთითებს ხელფასების ზრდა: ინფლაციასთან დაწევას თუ სპირალის რისკს?

645bae0270c44
შოთა ტყეშელაშვილი
10.05.23 18:55
1140
სტატიაში საუბარია:
უკვე რამდენიმე თვეა ეროვნული ბანკი საქართველოსთვის ახალი ტიპის ეკონომიკურ გამოწვევაზე მიუთითებს - სებ-ი აღნიშნავს, რომ საშუალო ხელფასის ზრდის ტემპი ამჟამად დასაქმებულთა პროდუქტიულობის მატებას ასწრებს. ეროვნული ბანკის შეფასებით, მსგავსი ურთიერთდამოკიდებულება ხელფასებსა და დასაქმებულთა პროდუქტიულობას შორის საყურადღებოა, რადგანაც ხელფასებსა და ინფლაციას შორის სპირალზე შეიძლება მიანიშნებდეს.

2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი რეკორდული ტემპით, 21%-ით გაიზარდა და მან თვეში 1,774 ლარს მიაღწია, მაშინ როდესაც სებ-ის თანახმად, დასაქმებულთა პროდუქტიულობა ამავე პერიოდში წლიურად მხოლოდ 6.8%-ით იყო გაზრდილი. ანუ სახელფასო მატება პროდუქტიულობის ზრდას რამდენჯერმე აღემატება.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში აღნიშნული საკითხი დანართის სახით არის შეფასებული. მასში აღნიშნულია, რომ 2019 წლიდან მოყოლებული შესამჩნევი იყო ხელფასების ზრდის ტემპის ინფლაციისგან ჩამორჩენა, ხოლო შემდგომ პერიოდში ხელფასების ზრდამ ინფლაციას გაასწრო.

რაზე მიუთითებს ხელფასების ზრდა: ფასებთან დაწევას თუ სპირალის რისკს?

“ქვეყნის ეკონომიკაში პროდუქტიულობა (ერთ დასაქმებულზე წარმოებული რეალური დამატებული ღირებულება) 2022 წლის მეოთხე კვარტალში წლიურად 6.8%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებმა ნომინალურად 21.2%-ით მოიმატა და თვეში საშუალოდ დარიცხულ 1774 ლარს გაუტოლდა.

ხელფასის მატებასთან შედარებით, პროდუქტიულობის დაბალი ზრდის ტემპის გამო, პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯის წლიური ზრდა დაჩქარდა და 13.5%-ს მიაღწია, ამ ეტაპზე, ხელფასიფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები არ შეიმჩნევა, თუმცა პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი გაზრდილია, რაც შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას კვლავ საყურადღებო ფაქტორად ტოვებს.

პანდემიის შემდგომ ინფლაციის სწრაფი ზრდის ფონზე ასევე გამოიკვეთა ხელფასების სწრაფი ზრდის ტენდენცია, რამაც გლობალურად გაააქტიურა დისკუსია, რომ, შესაძლოა, ადგილი აქვს ხელფასიფასის სპირალის დასაწყისს (ანუ ადგილი აქვს მაღალი ინფლაციური მოლოდინების გათვალისწინებას მუშახელის ხელფასების განსაზღვრის დროს). ამის საპირისპირო მოსაზრებით, ბოლო პერიოდში მაღალი ფასებისა და, შედეგად, ფირმების გაზრდილი მარჟების პირობებში, გაჩნდა ხელფასების ზედა მიმართულებით გადახედვის მეტი ერთჯერადი საჭიროება და შესაძლებლობაც, რათა სამუშაო ძალა შრომის ბაზარზე დარჩენილიყო13. ხელფასები მოკლევადიან პერიოდში ხისტია (უფრო მეტად, ვიდრე ფასები), შესაბამისად მოსალოდნელია, რომ ნომინალური ხელფასები გარკვეული დროის მანძილზე ჩამორჩეს ფასების ზრდას, თუმცა გრძელვადიან პერიოდში რეალური ხელფასისა და, შედეგად, სამუშაო ძალის მიწოდების შემცირების გამო ხელფასების დაკორექტირება მაინც საჭირო გახდება. ამდენად, საინტერესოა განვიხილოთ, ბოლო პერიოდში ხელფასების ზრდის დაჩქარება (ფაქტობრივ ინფლაციაზე უფრო მეტად ზრდა) ხელფასი-ფასის სპირალის გამოვლინებაა თუ ადგილი აქვს წარსულში არსებული ჩამორჩენის აღმოფხვრას?

აქედან გამომდინარე, საინტერესოა, დავაკვირდეთ არა მხოლოდ ხელფასების ზრდის ტემპს ბოლო პერიოდში, რაც ცალსახად დაჩქარებულია, არამედ იმასაც, თუ რა არის ხელფასების დონე ამჟამად. ეს მოგვცემს ინფორმაციას წარსულში არსებულ შესაძლო ჩამორჩენაზეც, რომლის კომპენსირებაც შესაძლოა, სწორედ ახლა მიმდინარეობდეს. ზოგადად, გრძელვადიან პერიოდში ხელფასების ზრდის ტემპი უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტიულობისა და ფასების ინდექსის ზრდის ტემპების ჯამს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ნომინალური ხელფასი, პროდუქტიულობის გაუმჯობესების ეფექტის გამორიცხვის შემდეგ, უფრო ნელა იზრდება, ვიდრე ფასები, ეს მიუთითებს დასაქმებულთა მდგომარეობის გაუარესებაზე, რაც მუდმივად ვერ გაგრძელდება.

2019 წლიდან ადგილი აქვს ნომინალური ხელფასის ინდექსის ჩამორჩენას ფაქტობრივი ინფლაციის ინდექსისაგან, რაც განსაკუთრებით გაიზარდა პანდემიის დროს, როცა დაჩქარდა ფასების ზრდის ტემპი. 2022 წელს აღინიშნა ხელფასების მკვეთრი ზრდა, რამაც ბიძგი მისცა დისკუსიას ხელფასი-ფასის სპირალის შესახებ, თუმცა ამ შემთხვევაში ისიც შესაძლოა, რომ უბრალოდ თვალს ვადევნებდეთ ჩამორჩენის ერთჯერად აღმოფხვრას, რაც გასულ წლებში ფასებსა და ხელფასებს შორის წარმოიქმნა. აღნიშნული ჩამორჩენა, თავის მხრივ, მიუთითებს ფირმების მოგების გაზრდილ მარჟაზეც, რა პირობებშიც შესაძლებელი გახდა უფრო აქტიურად გადაიხედოს ხელფასები ზრდის მიმართულებით, რასაც, ისედაც გაზრდილი მარჟების პირობებში, შესაძლოა, ნაკლები წნეხი ჰქონდეს ფასებზე.

აღნიშნული მსჯელობის მიმართ შეგვიძლია გამოვთქვათ რამდენიმე კრიტიკული არგუმენტიც, რაც გვიბიძგებს, რომ კვლავაც ყურადღებით გავაგრძელოთ ხელფასების ზრდის ტენდენციაზე დაკვირვება. ერთი მხრივ, ბოლო პერიოდში ფასების ზრდა დიდწილად უკავშირდება სასაქონლო პროდუქტების ფასების ზრდას, რაც შოკის ბუნებიდან გამომდინარე, როგორც წესი, არის დროებითი. მეორე მხრივ, როდესაც ფასებისა და ხელფასების დონეს ერთმანეთს ვადარებთ, ვუშვებთ, რომ რეალური ხელფასი ისევე უნდა იზრდებოდეს, როგორც პროდუქტიულობა. თუმცა შესაძლებელია, რომ ადგილი ჰქონდეს ეკონომიკაში სტრუქტურულ ცვლილებებს, როდესაც ეკონომიკაში იზრდება ისეთი სექტორების წილი, რომლებიც ნაკლებად შრომატევადია (labor intensive), უფრო მაღალ მარჟაზე მუშაობენ და, შესაბამისად, ხელფასების ზრდის წნეხს ფასების კვლავ დამატებით ზრდით უპასუხებენ. ეს გვიბიძგებს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებისაკენ, რაც ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინების სტაბილურობას უზრუნველყოფს, მათ შორის, ინფლაციის მიზნობრივ დონესთან ქვემოდან დაახლოების ხარჯზეც, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს ხელფასების სამომავლო ზრდის საჭიროებას,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები