მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მიიჩნევს ეროვნული ბანკი, ხელფასების ზრდის ტემპს პრობლემად? - განმარტება

63dced2adf403
შოთა ტყეშელაშვილი
03.02.23 15:40
1309
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, ქვეყანაში დასაქმებულთა ხელფასების ზრდის ტემპი პროდუქტიულობის ზრდის ტემპს ასწრებს, რაც პოტენციურ პრობლემას წარმოადგენს.

კითხვაზე თუ რატომ მიიჩნევს ეროვნული ბანკი ხელფასების ზრდის ტემპს პრობლემად, გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ინფლაციის პირობებში შეიძლება შეიქმნას სპირალი, როდესაც დამსაქმებლებს თანამშრომელთათვის უფრო მაღალი ანაზღაურებების გაცემა უწევთ და იმ შემთხვევაში თუკი არ იზრდება პროდუქტიულობა, მაშინ ეს ზრდა გადადის კომპანიების მიერ რეალიზებული საქონლის ფასში, რაც თავის მხრივ ინფლაციაზე მოქმედებს ნეგატიურად, ეს კი ხელფასების შემდგომი მატების მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომაც, სებ-ი ქვეყანაში დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

“ცენტრალური ბანკებისთვის არის მნიშვნელოვანი ინფლაციის ის კომპონენტი, რომელიც გრძელვადიანია და რომელიც მოთხოვნის მხრიდან წარმოიქმნება და ამიტომ ამაზე არის აუცილებელი რეაგირება. ერთ-ერთი მამოძრავებელი შეიძლება იყოს ხელფასებისა და ფასების სპირალი, როდესაც ხელფასების ზრდა იწვევს უკვე კომპანიებისთვის სარეალიზაციო ფასების ზრდას, რასაც დამატებით მოჰყვება ხელფასის ზრდა და შესაბამისად, ეს სპირალი იქმნება, ამიტომ ეს არის საყურადღებო.

რამდენიმე კვარტალია, როდესაც ხელფასების ზრდა უფრო მაღალია, ვიდრე პროდუქტიულობის მატება და ეს გამოწვევაა კომპანიებისთვის. ხელფასების ზრდა რა თქმა უნდა აუცილებელია, როდესაც დღეს ვხედავთ რომ ვაკანსიების რაოდენობაა გაზრდილი და კომპანიები მუშახელს ეძებენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა შეინარჩუნონ მუშახელი, გაზარდონ ხელფასებიც, მაგრამ ამავე დროს გაზარდონ პროდუქტიულობაც, რომ ხელფასების ზრდამ არ აიძულოთ ფასების ზრდა. ანუ ეს იქნება ალბათ ძირითადი გამოწვევა კომპანიებისთვის, რაც ასევე ჩვენ აგვარიდებს, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული სახით უფრო დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნოთ,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ანაზღაურებების ზრდის მსგავსი ტრენდი პანდემიის შემდგომ სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1,595 ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.5%-ით უფრო მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები