მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინფრასტრუქტურა და სერტიფიცირება“ - რა გამოწვევებია აკვაკულტურის სექტორში?

63e0ac0830e10
თინათინ ნატმელაძე
07.02.23 09:30
731
საქართველოს მთავრობის განცხადებით, შავი ზღვის აკვატორიაში აკვაკულტურის ფერმების მოწყობისთვის 10 ლოკაცია გამოიყოფა. მიზანი აკვაკულტურის ფერმების მოწყობა და თევზის წარმოების ზრდაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლებით, ფერმებში წარმოება 50 000 ტონამდე ივარაუდება.

რა სჭირდება მარიკულტურის განვითარებას, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მიდგომები, რა გამოწვევებია სექტორში და რა პერსპექტივა აქვს საქართველოში მარიკულტურისა და აკვაკულტურის განვითარებას? - ამის შესახებ Maricultura Georgia-ს დამფუძნებელმა მამუკა მიქაშავიძემ „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა.

მიქაშავიძე ორ ძირითად გამოწვევას გამოყოფს - წარმოებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობა და პროდუქციის სერტიფიცირება.

„რაც უფრო მეტი ლოკაცია იქნება, მით უკეთესია საქართველოსთვის, იმიტომ რომ ხალხი დასაქმდება, მოიყვანს იმ პროდუქციას, რომელიც შეიძლება სავალუტო შემოსავლების დასაწყისი იყოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქედან გამომდინარე, რომ ამ სექტორის ათვისება ახლა იწყება, ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს.

ერთი ის არის, რომ ჩვენი ადგილობრივი ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, არ არსეობს წვდომა ზღვაზე, რაც არ უნდა ათი ლოკაცია გაკეთდეს, ზღვაზე წვდომა ყველას უნდა ჰქონდეს, ანუ საზღვაო გემების მისადგომი. თევზების მოშენება იქნება ეს თუ მოლუსკების, გემით ხდება - მისი კვება, გამოტანა, გადამუშავება. სად გაჩერდებიან ეს გემები? საქართველოს არ გააჩნია გემების გასაჩერებელი, ერთადერთი იახტკლუბია ბათუმში და მორჩა, როგორ უნდა მივიდეთ ზღვასთან, თუ კი არ იქნება მცურავი საშუალებები? აქედან გამომდინარე 50 000 ტონის გადამუშავება შეუძლებელია, რადგან გადამუშავება ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელით, მყვინთავების მიერ.

მეორე საკითხი არის სერტიფიცირება - როდესაც ადამიანი ინვესტიციას დებს ამ სექტორში, ის დაცული უნდა იყოს კანონმდებლობით, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი მოწეული პროდუქცია უნდა იყოს სერტიფიცირებული და იყიდებოდეს ჯანმრთელი. ევროპაში, როდესაც სეზონი დაიწყება, კომპანიები იწვევენ ლაბორატორიებს, ატარებენ ანალიზებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ მის რეალიზებას. საქართველოში კი ეს ანალიზები, ფაქტობრივად, არ ტარდება.

კარგია ლოკაციების გაკეთება, მაგრამ ბიზნესისთვის ეს არის მილიონიბით ინვესტიციასთან დაკავშირებული, რადგან ჯერ უნდა დაიწყოს ინფრასტრუქტურის მოწყობას, შემდეგ კი წარმოება, რაც შეუძლებელია.“ - განაცხადა მამუკა მიქაშავიძემ.

რაც შეეხება მოთხოვნას, Maricultura Georgia-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ იქედან გამომდინარე, რომ ეს არის საექსპორტო პროდუქტი, მოთხოვნაც ძალიან მაღალია, მათი რეალიზაციაც ექსპორტზე იყო ორიენტირებული, თუმცა ომის თანმდევმა მოვლენებმა ეს პროცესი ერთგვარად შეაფერხა.

კომპანია ამჟამად 20 ტონამდე მოლუსკს აწარმოებს, მას სახელმწიფოს მიერ 75 ჰექტარის ფართობი აქვს გადაცემული, საიდანაც მხოლოდ 2 ჰექტარის ათვისებას ახერხებენ. როგორც მიქაშავიძე აღნიშნავს, მიზანი 100 ტონის წარმოებაა.