მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერვენციებს საჭიროების შემთხვევაში გავაგრძელებთ... ამ წუთას აუცილებლობა არ არის - გვენეტაძე

610a5a899826b
ინგა მურუსიძე
04.08.21 13:20
655
ვაგრძელებთ სავალუტო ინტერვენციებს, აუცილებლობის მიხედვით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

Bm.ge-მ სებ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, რატომ არ აქტიურობს სებ-ი სავალუტო ინტერვენციების კუთხით და არის თუ არა მიზეზი, რომ საჭიროებას ვერ ხედავს.

„რაც შეეხება ინტერვენციებს, შარშან $916 მლნ გავყიდეთ, წელსაც დაახლოებით 260 მლნ გვაქვს გაყიდული და კვლავ მინდა დავადასტურო, რომ ეროვნული ბანკი მზად არის ასეთ სიტუაციებში ინტერვენციებისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ ინტერვენციებს, აუცილებლობის მიხედვით. ამ წუთას არ არის აუცილებლობა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მცირე გაყიდვები მუდმივად ხორციელდება BMatch-ის პლატფორმის საშუალებით და ამის ნახვა ყოველთვიური სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ იქნება შესაძლებელი. კობა გვენეტაძის ინფორმაციით, გასულ თვეს დაახლოებით $3 მლნ გაიყიდა.

„ჩვენ ყოველთვის ვართ ბაზარზე და როგორც კი აუცილებლობა იქნება ჩარევის, გვაქვს რეზერვები, რესურსები, რომლის შესავსებადაც საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ გასულ წლებში, მათ დღეს ვიყენებთ, იმისათვის, რომ ბაზარს საჭიროების შემთხვევაში ლიკვიდობა მივაწოდოთ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ინტერვენციების მიზანი არ არის და ვერ იქნება კურსის კონკრეტულ დონეზე შენარჩუნება. კურსი არის მცურავი. ის, რომ ეროვნულ ბანკს აქვს რეზერვების საკმარისი დონე, გვეხმარება, რომ ბაზარს დავეხმაროთ ასეთი რთული სიტუაციების დროს. ბაზარზე ვრჩებით და საჭიროების შემთხვევაში რეზერვებს გავყიდით“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.