მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორებთან დავებში საქართველოს 48 მლნ დოლარის და 9 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

629a322fa86d5
თელარა გელანტია, შოთა ტყეშელაშვილი
03.06.22 20:30
3816
ინვესტორებთან დავებში საქართველოს 48 მლნ დოლარის და 9 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა.

BMG-იმ იუსტიციის სამინისტროსგან ბოლო 10 წლის განმავლობაში დაწყებული ყველა საარბიტრაჟო დავის შესახებ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია. ოთხ თვეზე მეტი დაყოვნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ საბოლოოდ გასცა დასმულ კითხვებს პასუხი. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა 24 საარბიტრაჟო დავა, ამ დავებიდან 2 დავა სრულად საქართველოს წაგებით დასრულდა, 4-ში კი მოსარჩელე მხარესთან მორიგება გადაწყდა. ჯამურად ამ დავებში საქართველოს 47.6 მილიონი დოლარის, 9.2 მილიონი ევროს და 1.1 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა დაეკისრა.

აღსანიშნია ისიც, რომ ბოლო 10 წელში საარბიტრაჟო დავებში იურიდიული კომპანიების მომსახურებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 161 მლნ ლარი დაიხარჯა. 

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, კონფიდენციალურია იმ კომპანიების ვინაობა, რომელთა სასარგებლოდაც აღნიშნული თანხის გადახდა მოხდა/მოხდება. ამასთანავე, სამინისტროს განცხადებით, რომ არა მორიგება, საქართველოს მთავრობას ამ დავებში 321.5 მილიონით მეტი კომპენსაციის გადახდა მოუწევდა. 

“ოთხივე მორიგების ხელშეკრულება არის კონფიდენციალური. შესაბამისად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ ინფორმაცია დავის დეტალების შესახებ. თუმცა, გაცნობებთ, რომ ოთხივე დავაზე ქართული მხარე იყო მოპასუხე და დავებზე მოთხოვნის საერთო ოდენობა შეადგენდა 353 მილიონ აშშ დოლარსა და 14,2 მილიონ ევროს. მორიგებების სანაცვლოდ, ქართულმა მხარემ ოთხივე დავაზე, ჯამში, გადაიხადა მხოლოდ 31,6 მილიონი აშშ დოლარი. შესაბამისად, ქართულმა მხარემ მორიგებების ხარჯზე აიცილა შესაძლო ზიანი 321,500,357.00 აშშ დოლარისა და 14,160,000.00 ევროს ოდენობით. გარდა ზემოაღნიშნულისა, გაფორმებული მორიგებების სანაცვლოდ, სახელმწიფომ მიიღო ისეთი დამატებითი სარგებელი, როგორიც არის, მაგალითად, უძრავი ქონების დაბრუნება, უძრავი ქონების გამოსყიდვა, კომპანიაში წილების დაბრუნება, მოსარჩელის მხრიდან საკრედიტო მოთხოვნის დათმობა და ა.შ.

ორივე დავაზე, მხარეთა შეთანხმების თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არის კონფიდენციალური და არ ექვემდებარება გასაჯაროებას. შესაბამისად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ ინფორმაცია დავის დეტალების შესახებ. თუმცა, გაცნობებთ, რომ ერთ დავაზე მხარე ზიანის სახით ითხოვდა დაახლოებით 43,000,000 ევროს, ხოლო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით საქართველოს დაეკისრა დაახლოებით 9,200,000 ევროს გადახდის ვალდებულება. მეორე დავაზე მხარე ზიანის სახით ითხოვდა დაახლოებით 19,600,000 აშშ დოლარსა და დაახლოებით 1,800,000 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს, ხოლო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით საქართველოს დაეკისრა დაახლოებით 16,000,000 აშშ დოლარის და დაახლოებით 1,100,000 ბრიტანული გირვანქა სტერლინგის გადახდის ვალდებულება,”- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებულ პასუხში.

რაც შეეხება მიმდინარე საარბიტრაჟო დავებს, მათი რაოდენობაა 6, აღნიშნული დავების სია ასეთია:

1) „Gardabani Holdings B.V.“, “Inter RAO UES PJSC“ და სს „თელასი“ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ წინააღმდეგ“ და „Gardabani Holdings B.V.“ და „Silk Road Holdings B.V.” საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ" - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $210 მილიონი დოლარი;

2) „ზაზა ოქუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $328.2 მილიონი დოლარი;

3) მაგთის მფლობელი კომპანიების - „TELCELL WIRELESS LLC“ და „INTERNATIONAL TELCELL CELLULAR LLC“ საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $154 მილიონი დოლარი

4)  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.62 მილიარდი დოლარი;

5) "ანაკლიის განვითარების კონსორციუის" ინვესტორის ბობ მეიერის დავა - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 64 მილიონი დოლარი;

6) „ნასიბ ჰასანოვი (Nasib Hasanov) საქართველოს წინააღმდეგ“ - ამ დავაში მოსარჩელეს ჯერ არ დაუკონკრეტებია ზიანის ოდენობა. მოსარჩელის განცხადებით, ზიანის ოდენობა განისაზღვრება დავის პროცესში.



შენიშვნა: ამ პუბლიკაციის/სტატიის/რეპორტაჟის (რამდენი მილიონი წააგო და მოიგო საქართველომ საარბიტრაჟო დავებში) მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად MediaTOR-ის პროექტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტისა და Internews Georgia-ს მიერ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. ავტორის მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას